რელიგია… უფალო შეგვიწყალე!


უფლის დედა დროის უმეტეს ნაწილს დედამიწაზე ატარებს ადამიანთა

შესაწევნელად…

გილოცავთ მარიამობას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს. ამ დღეს გარდაიცვალა ქალწული მარიამი და ზეცად ამაღლდა. მას შემდეგ იგი ყოველი კაცის მეოხი და მფარველია. ერთ ღირს მამას სამოთხე მოუხილავს და იქ ღვთისმშობელი ვერ უნახავს. გაოცებულს უკითხავს: – უფლის დედა სად არისო. უფლის დედა დროის უმეტეს ნაწილს დედამიწაზე ატარებს ადამიანთა შესაწევნელადო, – მიუგიათ.  გისურვებთ, დანო და ძმანო, ლხინისა და შეჭირვებისას თქვენს სახლებშიც შემობრძანდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, განუგეშოთ და მოგეფეროთ. ამ უწმინდეს დღესასწაულზე გვსურს გაგაცნოთ ღვთისმშობლის იმ რამდენიმე სასწაულთმოქმედი ხატის ისტორია, რომელთა მიმართაც მართლმადიდებელ ქრისტიანებს დიდი სასოება აქვთ. კასოპეს ღვთისმშობელი. საბერძნეთის კუნძულ კორფუზე, სოფელ კასოპეში დასვენებული ღვთისმშობლის ხატის მიერ მოხდენილ უამრავ სასწაულთაგან ერთი განსაკუთრებით გამორჩეულია. 1530 წელი იდგა. კუნძულს ვენეციელი სიმეონ ბალბი მართავდა. თოთხმეტიოდე წლის სოფლელი ბიჭი, სტეფანოსი, კორფუდან შინ ბრუნდებოდა. ქალაქის განაპირას თანამგზავრები გამოუჩნდა. ცოტა ხანში შემოხვდნენ ფქვილის ტომრებმოკიდებული ახალგაზრდები. სტეფანოსის თანამგზავრებმა მათ ფქვილი წაართვეს და გაიქცნენ. ყმაწვილმა მათი შეჩერება სცადა. ვინ უსმინა. სოფელში დაბრუნებულმა დაზარალებულებმა მძარცველები აღწერეს და მათ სტეფანოსიც მიათვალეს. ამიტომ კორფუში მეორედ მისულს ხელი სტაცეს და მმართველს მიჰგვარეს. ბალბიმ ყაჩაღად მიჩნეულს “შესთავაზა” – ან ხელს დაემშვიდობე, ან ორსავ თვალსო. სასოწარკვეთილმა ყმაწვილმა თვალების დაკარგვა არჩია. საცოდავმა დედამ ბრმა შვილი ნუგეშისთვის კასოპეს ღვთისმშობელთან მიიყვანა. ხატთან ილოცეს და იქაურ ბერს ღამის გასათევი სთხოვეს. სასტუმრო ოთახები დაკეტილი იყო, მათი გასაღები ბერს არ ჰქონდა და ეკლესიაში დარჩენა შესთავაზა. დაღლილ დედას ჩაეძინა. ტკივილით გათანგული ყმაწვილი დროდადრო ჩათვლემდა. შუაღამისას აშკარად იგრძნო, რომ ვიღაცამ ხელები თვალებზე დააჭირა. შეშინებული წამოხტა და დედა გააღვიძა – ღვთისმშობლის ხატის წინ გაუქრობელი კანდელი ჩამქრალაო. კანდელი მართლაც ჩამქრალიყო. “შვილო, ამის დანახვა როგორ შეძელი, შენ ხომ თვალები აღარა გაქვსო”, – ამოიკვნესა დედამ. შვილმა კი მოუთმენლად შეაწყვეტინა, ყველაფერს ვხედავო. დედამ ლამპის შუქზე შეხედა – სტეფანოსს ორივე თვალი თავის ადგილას ჰქონდა! სტეფანოსს ადრე ყავისფერი თვალები ჰქონდა, ღვთისგან ახალბოძებული კი ცისფერი იყო. გახარებული დედა-შვილის ტირილზე მასპინძელ ბერსაც გაეღვიძა. ღვთისმშობლის სასწაული რომ იხილა, მაშინვე მმართველთან სამხილებლად წავიდა. გაოცდა ბალბი და დიდებულებთან ერთად კასოპეს მიაშურა. “კაცი შეცვალესო”, – ასავსავებდა ხელებს, მაგრამ ყმაწვილს სახეზე აჩნდა რკინის მარწუხებით მიყენებული დაზიანებები. ქალაქში დაბრუნებულმა ბალბიმ მოიკითხა ჯალათი. მან სტეფანოსის ამოთხრილი თვალის კაკლები აჩვენა. შემცბარმა მმართველმა ყმაწვილს ბოდიში მოუხადა, უხვად დააჯილდოვა და სამადლობელოდ კასოპეს ღვთისმშობლის ხატი განამშვენა. სამხელა ღვთისმშობელი. VIII საუკუნეში, როცა ბიზანტიის იმპერიაში ხატმებრძოლობა მძვინვარებდა და ხატებს ანადგურებდნენ, დამასკელმა ქრისტიანმა იოანემ, რომელიც ხალიფის კარის დიდმოხელე იყო, წმინდა ხატების დასაცავად რამდენიმე წერილი გაგზავნა ბიზანტიაში. წერილი ხატმებრძოლებს ჩაუვარდათ ხელთ, მათ კალიგრაფებს იოანეს ხელწერით შეადგენინეს წერილი, რომლითაც თითქოს ის ხალიფას ღალატობდა. ყალბმა წერილმა ხალიფამდეც მიაღწია. მან კი ბრძანა, იოანესთვის ის ხელი მოეკვეთათ, რომლითაც ეს წერილი დაწერა. ხელი საჯაროდ მთავარ მოედანზე გამოფინეს. საღამოს, როცა ხალიფას რისხვა ჩაუცხრა, წმ. იოანემ მეგობრების პირით სთხოვა, ჩემს მოკვეთილ მარჯვენას ავიღებო. ხალიფამ ნება დართო. შუაღამისას ღირსი იოანე დაემხო ღვთისმშობლის ხატის წინ და განკურნება შესთხოვა, თან მოკვეთილ ხელს მონაკვეთ ადგილზე იდებდა. ამ ვაებაში ჩასთვლიმა. ძილში გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და უთხრა: “აი, შენი ხელი უკვე გამრთელდა, მეტს ნუღარ იდარდებ და შეასრულე ის, რასაც დამპირდიო”. გამოღვიძებულ იოანეს ხელი განმრთელებული დახვდა. მონაკვეთ ადგილს ნაიარევი ზოლივით დაჰყვებოდა, რაც უცილობელს ხდიდა სასწაულს. ბევრს ეხვეწა ხალიფა, თანამდებობას დაუბრუნდიო, მაგრამ წმ. იოანემ ბერობა არჩია, ხოლო სასწაულებრივი კურნების სამადლობელოდ ღვთისმშობლის ხატს ვერცხლის ხელი მიამაგრა. ეს წმინდა ხატი შემდგომში ათონის მთაზე ქილანდრის სერბულ მონასტერში მოხვდა და ახლაც იქვე ასვენია. შვება ანუ ნუგეშისცემა. ასე ჰქვია ათონზე, ვათოპედის მონასტერში დასვენებულ ღვთისმშობლის ხატს. დიდი ხნის წინათ, ავაზაკებმა ვათოპედის მონასტრის გაძარცვა მოინდომეს. მის მახლობლად ჩასაფრდნენ და კარების გაღებას ელოდნენ, რომ შიგ შეჭრილიყვნენ. იმ ღამეს, როცა ბერები ცისკრის ლოცვის შემდეგ კელიებში დაბრუნდნენ, ტაძარში მარტო დარჩენილ მონასტრის წინამძღვარს ღვთისმშობლის ხატიდან მოესმა: “მონასტრის კარებს ნუ გააღებთ, ადით გალავანზე და განდევნეთ ავაზაკები”. დაბნეულმა იღუმენმა ღვთისმშობლის ხატს გახედა. ხატი გაცოცხლდა. გაცოცხლდა მის მკლავებში განაბული ყრმა იესოც. ყრმამ მარჯვენა ხელი ბაგეზე დააფარა დედას, სახე მიუბრუნა და უთხრა: “არა, დედაო ჩემო, ნუ ეტყვი მათ ამას; დაე, მიიღონ დამსახურებული სასჯელი.” მაგრამ ღვთისმშობელმა თავის ძეს ხელი დაუჭირა, სახე მისგან მარჯვნივ მიაბრუნა და კვლავ ორჯერ წარმოთქვა: “ნუ გააღებთ დღეს სავანის კარებს, ადით მონასტრის გალავანზე და ავაზაკები განდევნეთ”. ამ სასწაულით შეშინებულმა იღუმენმა შეკრიბა მონასტრის ძმები და ნანახი მოუთხრო. მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა შეამჩნიეს, რომ ღვთისმშობლის ხატი წინანდელზე განსხვავებული იყო. განრისხებულ ყრმა იესოს დედისთვის ბაგეზე ხელი აეფარებინა, ღვთისმშობელი კი ცდილობს მისი მარჯვენის მოშორებას, რათა თავის რჩეულებს განსაცდელი უწინასწარმეტყველოს… შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ათონის მთაზე დაიწერა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატების – (“ნუგეშისცემა” და “სამხელიანი”)  ასლები. ხატები დაბრძანებულია სამების საკათედრო ტაძარში. მალევის ღვთისმშობლის ხატი. ასე ჰქვია წმინდა ხატს, რომელზეც ღვთისმშობლის მიძინებაა გამოსახული და გადმოცემით წმინდა ლუკა მახარებელს დაუხატავს. 1964 წლის მარტში ხატი კეთილსურნელებას გამოსცემდა, 17 აპრილს კი მირონის დენა დაიწყო და დღემდე სდის. ხატს ძირში ბამბას უფენენ და მირონით გაჟღენთილს მომლოცველებს უნაწილებენ! მონასტერი, სადაც ეს წმინდა ხატი ასვენია, საბერძნეთის მთებში დგას. ამბობენ, ამ მირონისგან უხვად იფრქვევა კეთილსურნელება და რა უცნაურიც უნდა იყოს, მთებში გზააბნეული მომლოცველები ხშირად გრძნობენ ამ კეთილსურნელებას, რომელსაც ისინი მონასტრამდე მიჰყავთ, რადგან რაც უფრო უახლოვდებიან მონაზონთა სამყოფელს, უფრო და უფრო ძლიერდება იგი. ერთხელ, მონასტერში ავტობუსით მიმავალ გზააბნეულ მომლოცველებს ღვთისმშობელი გამოეცხადათ. ჟესტით გააჩერა ისინი, მძღოლს უთხრა, არასწორად მიდიხარო და გზა მიასწავლა. მერე კი უჩინარი შეიქმნა. ავტობუსი კი კეთილსურნელებით აივსო.

“მოდიოდა ნინო მთებით”…

27 იანვარს საქართველოს ეკლესია მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის, ჩვენი წმიდა დედის, ქალწულ ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს, რადგან სწორედ მან – კაპადოკიელმა ქალწულმა, ქრისტეზე უზომოდ შეყვარებულმა, შეძლო ჩვენში ქრისტეს დაუღამებელი ნათლის ლამპარი აენთო. წმიდა ნინო დიდმოწამე გიორგი კაპადოკიელის ახლო ნათესავი და კეთილმორწმუნე მშობლების მხოლოდშობილი ასული იყო – მამა,ზაბულონი, რომის მხედართმთავარი და ფრანკთა განმანათლებელი გახლდათ; ხოლო დედა, სოსანა – იერუსალიმის პატრიარქის, იობენალის და. 12 წლისა იყო წმიდა ნინო, როდესაც მისი მშობლები იერუსალიმში წავიდნენ, ქონება კი გაყიდეს და გლახაკებს დაურიგეს. ზაბულონი პატრიარქის კურთხევით გაშორდა ამქვეყნიურ ცხოვრებას, გავიდა იორდანეს გაღმა და მას შემდეგ, ღვთის გარდა, არავის უხილავს. სოსანა კი შემონაზვნდა და პატრიარქმა უძლური დედების მსახურად დაადგინა. 12 წლის ასული მშობლებმა იერუსალიმის პატრიარქს მიანდეს, რომელმაც ბავშვი აღსაზრდელად სარა ნიაფორს მიაბარა. სწორედ მისგან შეიტყო წმ. ნინომ მცხეთაში დამარხული კვართის შესახებ. გამოიკითხა და გაიგო, რომ ეს ქალაქი ქართლშია, ჩრდილოეთის ქვეყანაში. მას შემდეგ ჩაისახა მის გულში ყოვლისმომცველი სურვილი, ენახა ღვთისმშობლის მიერ მოქსოვილი კვართი და ეხილა მიწა, რომელიც ღირსი გახდა, ეს განძი თავის წიაღში მიეღო. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმაც შეისმინა მისი ვედრება, ძილში ეჩვენა და უთხრა: ჩრდილოეთის ქვეყანაში წადი და იქადაგე სახარება ჩემი ძისა. მე ვიქნები შენი შემწე და მფარველი. ქალწული ნინო შეძრწუნდა. მაშინ, ჩვენების ჭეშმარიტების დასტურად და ნუგეშად, დედაღვთისმშობელმა ხელში მისცა ჯვარი ვაზისა. ნინოს გამოეღვიძა და ნახა, რომ ჯვარი ხელში ეჭირა. მოციქულთასწორმა სიხარულის ცრემლებით დაალტო და თავისი თმებით შეკრა იგი. ასე დაიწყო განსაცდელებით აღსავსე გზა, რომელიც ქართლის მოქცევითა და სვეტიცხოვლის აღმართვით დასრულდა. დილით ნინომ ყოველივე უამბო ბიძას, რომელმაც ქრისტეს საფლავზე წაიყვანა დისშვილი, აკურთხა და ისე წარავლინა სამოღვაწეო-სამოციქულო გზაზე. და დაადგა ქართლისკენ მიმავალ სავალს ასული პირმშვენიერი და სულით ძლიერი. ორჯერ სიკვდილიც ემუქრებოდა – ჯერ სომხეთში, დიოკლეტიანესა და თრდატ სომხეთის მეფის მიერ დევნის გამო, მერე კი მირიან მეფისგან, რომელიც ნანა დედოფლის მოქცევამ განარისხა. მაგრამ უფალი სხვა ხვედრისთვის ამზადებდა ქალწულს და ორივეჯერ იხსნა განსაცდელისგან: პირველად ვარდის ბუჩქმა შეიფარა დევნილი და სასოწარკვეთილმა, მარტო შთენილმა იხილა, როგორ აჰყავდათ წამებულთა სულები ანგელოზებს ზეცად. ხმაც შემოესმა: “ესრეთვე იყოს წარყვანება შენი, ოდეს იგი ეკალი, რომელი არს გარემოს შენსა, ყოველ იქმნეს ვარდის ფურცელ სულნელ. აღდეგ და ვიდოდე ჩრდილოით კერძო.” მეორედ უფალმა მზე დაუბნელა ქართლის მეფეს, რათა მას საცნაურ-ეყო საკუთარი სულის სიბნელე, ხოლო კერპთაყვანისმცემლობის წყვდიადი ქალწულის მიერ მოტანილ ვაზის ჯვარს გაეფანტა. ფარავნის ტბასთან დასასვენებლად შეჩერებულ წმ. ნინოს მაცხოვარი გამოეცხადა და დამაშვრალი კიდევ ერთხელ გაამხნევა, განაძლიერა, განამზადა მომავალი ღვაწლისათვის. მანაც ფიცხელი გზებით იარა, უამრავი ჭირი და შიშიც გამოიარა, მაგრამ შიშსა და ჭირზე ძლიერი იყო მაცხოვრის სიყვარული, ღვთიმშობლის სასოება და კვართის მოლოცვის სურვილი. მცხეთაში მის შემობრძანებას უდიდესი სასწაული მოჰყვა – იმ დღეს მცხეთელების რელიგიური დღესასწაული იყო – მთელი მოსახლეობა კერპებს სცემდა თაყვანს. წმიდა ნინო ცრემლებით ლოცულობდა. სწორედ ჩვენი ერის სულიერი უმეცრების გამო დაღვრილმა წმიდანის სიყვარულით გაჯერებულმა ცრემლებმა შემუსრა კერპები, აღმოაცენა სასწაულმოქმედი წყარო, ხოლო წმიდანში დავანებულმა მადლმა მის მიერ სალოცავად შერჩეული მაყვლოვანი დღემდე შემოგვინახა. სწორედ ამ მაყვლოვანში იცხოვრა 6 წელი, უფლის კვართზე ამოსული კვიპაროსის მახლობლად, მეფისეულ ბაღში. მიწაზე დაფენილ ძაძაზე იწვა და დაფლეთილი სამოსი ემოსა, მაგრამ უამრავი სასწაული აღასრულა, სნეულთა განკურნებით დაწყებული, სვეტიცხოვლის აღმართვით დასრულებული, რომლითაც ქართლის ეკლესიის შენებაც დასრულდა – უფლის წმიდა სამოსელი მცხეთაში სწორედ მაშინ გამობრწყინდა, როდესაც ელენე დედოფალმა იერუსალიმში მაცხოვრის ჯვარი იპოვა. ამ სასწაულის შემდეგ ჯვრებიც აღმართეს თხოთის მთაზე, უჯარმას და არაგვის გადაღმა, სადაც წმ. ნინოს ცრემლებმა წყარო აღმოაცენა. წმიდა ნინო ბოდბეში გარდაიცვალა და, მისი ანდერძის თანახმად, იქვე დაკრძალეს. მის საფლავთან მოედინება წყარო, დღესაც უამრავ სასწაულს რომ აღასრულებს. ხოლო მისი თმებით შეკრული ვაზის ჯვარი სიონში ინახება და ყოველ 27 იანვარს ყოველ მორწმუნეს შეუძლია, ემთხვიოს მას. და კიდევ ერთი საგულისხმო ფაქტი: მისთვის დამახასიათებელი ფორმა – დადრეკილი მხრები, ჯვარმა მას შემდეგ მიიღო, რაც მეფის რუსეთმა ქართული ეკლესიები გაძარცვა და, სხვა სიწმინდეებთან ერთად, წმ. ნინოს ჯვარიც ქართულ მიწას მოაშორა; როდესაც საქართველომ სახელმწიფო და საეკლესიო დამოუკიდებლობა დაკარგა, თითქოს ბარბაროსების მიერ გაძარცვულ სავანეებსა და ქართულ სულზე მოტირალი ქალწულის ჩამოშლილი თმებიაო, თითქოს ჩვენი ტანჯვისა და უგუნურების დანახვა გულს უპობსო, ისე დახრილა წმიდა მოციქულთასწორის მიერ ჩვენთვის ზეციურ კურთხევად მოტანილი ღვთისმშობლისეული ვაზის ჯვრის მხრები – იქნებ, ჩვენი ცოდვებიც ამძიმებს, ჩვენი, ამდენი სიწმინდე რომ მოგვებარა და პატრონობა ვერ შევძელით.

ძლევაი საკვირველი…

1125 წლის 8 თებერვალი (ძველი სტილით 24 იანვარი). თენდებოდა. სასიკვდილო სარეცელზე იწვა “მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანშაჰ და შაჰინშაჰ”, “მახვილი მესიისა” და აღმაშენებელი და მფარველი ერისა.  სიკვდილთან თავის უკანასკნელ ბრძოლაში მარცხდებოდა ის, ვისაც სამოცამდე დიდი თუ მცირე ბრძოლა გარდაეხადა და ყოველი მათგანიდან უძლეველი გამოსულიყო. საქართველოს უკვდებოდა მეფე, რომელმაც ფენიქსივით ფერფლიდან აღადგინა ქართული სახელმწიფო, ვინც აღასრულა და განასრულა თაობათა მიერ საუკუნეების მანძილზე ცრემლითა და სისხლით გამოზრდილი ოცნება ერთიან საქართველოზე. იყო “უშიში ვითარცა უხორცო” და “ყოვლად უძრავი გულითა”, ბრძოლაში “ლომისებრ მყვირალი” და “გრიგალივით მიმოდამქცეველი”. მან ქრისტიანული უბრალოებითა და ერთგულებით ატარა ქართველთა მეფობის მძიმე უღელი და მტრისა და მოღალატის არდამნდობი, ქვრივ-ობოლთა და სნეულთ, შეჭირვებულთა და გლახაკთ, ზღაპრულ მზეჭაბუკად მოევლინა. მისი ღვთისმოსაობისა და გულმოწყალების გამო მრავალი “ძლევაი საკვირველი” მიანიჭა უფალმა დავითს და მათ შორის უდიდესი – დიდგორი, რომელიც დღესაც უძლეველობისა და ზეციური მფარველობის სინონიმად შთენილა ჩვენთვის, რომელიც ქართული ჯიშისა და გენის უკვდავ საგალობლად აღვლენილა ჩვენს ისტორიაში და სწორედ ამიტომ, დარღვეული და დაბეჩავებული სამშობლო კვლავ იმედითა და რწმენით მოელის ახალ დიდგორს. ანაგებით იყო გოლიათურად ტანწყობილი და ახოვანი, სულით, გონებითა და სხეულით – ბუმბერაზი, სახით – წყობილი და სახიერი. აღადგინა და გააერთიანა თურქ-სელჩუკთა მიერ იავარქმნილი ქვეყანა, აღაშენა ქსენონები და ციხე-ტაძრები, მათ გვირგვინად კი, – გელათის სამონასტრო კომპლექსი. ორი აკადემია გახსნა – გელათისა და იყალთოსი; ახალგაზრდათაგან უნიჭიერესნი საზღვარგარეთ სასწავლებლად გააგზავნა; აკადემიები იოანე პეტრიწით და არსენ იყალთოელით დაამშვენა; მოღალატეები საზღვრებს გარეთ განასხა; მტერი შეაშინა და მტრობის სურვილი დაუკარგა… თავად მოინახულებდა ხოლმე ქსენონებში მყოფ სნეულთ, თავად ამოწმებდა თითოეულის საგებელ-საძინებელს, სამოსს, დროდადრო თავად გადიოდა სოფელ-სოფელ, რათა არავის დაეჩაგრა ობოლი, მწირი და უპოვარი, ყოველდღიუად თავად განიკითხავდა თავის ქისიდან ღარიბ-ღატაკს. დღეებს ბრძოლასა და ზრუნვაში აღამებდა; ღამეებს კი, – ლოცვასა და კითხვაში ათენებდა. სათნოების მომხვეჭელი, გულმდუღარედ წერდა “გალობანი სინანულისანს” – გულწრფელ აღსარებას სამშობლოსთვის შეწირული სულისას, როგორც დასტურსა და მაგალითს საკუთარ თავთან მოპოვებული დიდგორისა. 8 თებევალს ქართული ეკლესია წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს – 1125 წლის 8 თებერვალს წმინდანთა დასს შეერთო ჭეშმარიტი ქართველი, ის, ვინც მთელი თავისი ცხოვრებით აღასრულა ქართველობის მძიმე, ტკბილი და საპასუხისმგებლო მისია, ვისაც ესმოდა, რომ ქართველობა ტვირთია, ძნელად სატარებელი უღელი ტკბილი, და არა სიტყვა ლიტონი. 

“ნათელი შენი, უფალო, აწ გამოისახა ჩვენზედა”

“მათ დღეთა შინა” ნათელ-იღო იესომ ხელთაგან იოანე ნათლისმცემლისა. შთაფლვისას ჩვენი ძველი, ცოდვისმიერი ვნებები დამარხა, ამოსვლისას კი ამოიყვანა “კაცი ახალი”. სწორედ ნათლისღებისას განცხადდა ყოვლადწმიდა სამება, რადგან ძემ ნათელიღო, მამა დაემოწმა, ხოლო სული წმიდა მტრედის სახით გარდამოვიდა, რათა ყველას ეხილა, რომ იგია ღმერთი, მაცხოვარი ერისა და აღთქმული მესია. ნათელ-იღო და ჩვენც დაგვიწესა ნათლობის საიდუმლო, რათა ჩვენც, ვინც პირველი ადამის წყალობით შვილნი რისხვისანი ვიყავით, “შვილ ღმრთისა” გავხდეთ. ჩვენი შთაფვლაც ხომ ქრისტესთან ერთად ჯვარცმას ნიშნავს. აკი თავადვე უწოდა მოწაფეებთან საუბრისას ნათლობას ჯვარცმა(მათე, 20). მან, უცოდველმა, ჩვენი ცოდვით დაცემული ბუნება იტვირთა და ისევე ამოიყვანა ცოდვათა მორევიდან, როგორც მწყემსმა კეთილმა ცხვარი წყმედული. წყალში ჩავიდა, რადგან წყალი ძველთაგანვე განწმენდისა და სიცოცხლის სიმბოლოი ყო. ჩავიდა და სამყაროს ყველა სტიქია აკურთხა, რის შემდეგაც ბუნებამ კვლავ შეიძინა მადლის მიერ ნიჭთა შენახვის ძალა. მდინარეში ჩასული უფლის მხილველი იორდანე, ჯვარცმული უფლის მხილველი მზის მსგავსად, უკუიქცა და, იქიდან მოყოლებული, ყოველ 19 იანვარს უკუღმა იწყებს დინებას. ამოვიდა წყლიდან, გაიხსნა კარი და გაისმა მამის ხმა :”ესე არს ძე ჩემი საყვარელი”. რადგან ბევრს იოანე ნათლისმცემელი ეგონა მესია, ეს ხმაც იოანესადმი თქმული რომ არ ჰგონებოდათ, სულიწმიდა ხილულად, მტრედის სახით გარდამოხდა მაცხოვარზე. რატომ მტრედის სახით?-იმიტომ, რომ ფრინველებს შორის მტრედია ყველაზე უმანკო, მშვიდი და სიწმინდის მოყვარული; იმიტომ, რომ წარღვნის შემდეგ სწორედ მტრედმა მოუტანა ნოეს ზეთისხილის რტო, რითიც წარღვნის დასასრული და ახალი ცხოვრების დაწყება ამცნო. ნათლისღებისას გარდამოსულმა სულიწმიდამ, ზეთისხილის რტოს ნაცვლად, ღმრთის შვილობა მოართვა ადამიანებს და ბოროტების და ცოდვის წარღვნის დასასრული ამცნო. ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში იყო მოცემული რამდენიმე წინა სახე ნათლობისა: პირველი სახე ნათლობისა კაცობრიობისათვის წარღვნა იყო. სწორედ წყალთა რღვნით განწმინდა ღმერთმა ნოეს დროს ქვეყნიერება ცოდვისაგან; მეორე სახე – ისრაელის ერის მეწამულ ზღვაში გავლა და უდაბნოში სიარული ღრუბელთან ერთად, სადაც ღრუბელი სულიწმიდის სიმბოლოა, ხოლო ზღვა-წყლისა; მესამე იყო მოსეს სჯულის მიერი განბანა არაწმიდებისაგან; მეოთხე – იოანე ნათლისემცემლისეული, მოსამზადებელი ნათლობა; მეხუთე – უფლისმიერი – წყლით დასულიწმიდით (ცეცხლით), რაც იმას ნიშნავს, რომ მონათლული, მაგრამ უზნეო წესით მაცხოვრებელი ადამიანი ცეცხლით შეიძლება დაისაჯოს; მეექვსე ნათლობა აღესრულება მონათლულის მიერ სინანულისა და ცრემლის გზით, მთელი ცხოვრების მანძილზე; მეშვიდე – ინათლება სისხლითა და მოწამეობით, რადგან უფლის ფერდიდან, წყალთან ერთად, სისხლიც გარდამოხდა. ისევე, როგრც ზღვაში გასვლის მერე იწყება ისრაელისთვის ორმოცწლიანი ხეტიალი, მწირობა დ აბრძოლა ,ხოლო ნათლისღების მერე – იესოს ორმოცდღიანი მარხვა უდაბნოში, ასევე იწყება ნათლისღების შემდეგ ქრისტიანისათვის საცდურითა და ჭირით აღსავსე გზ ასასუფევლისაკენ. მოსანათლის წყალში სამგზის შთაფლვაც ორ რამეს მოასწავებს: ჯოჯოხეთში ქრისტეს ყოფნას სამი დღის განმავლობაში და იმას, რომ ეს საიდუმლო ყოვლად წმიდა სამების ძალით აღესრულება. პავლე მოციქულის სიტყვებით, შთაფვლის შემდეგ “ძუელი იგი კაცი ჩუენი ჯვარს აცვა” და “დავეფლვენით მისთა ნანათლის-ღებითა სიკვდილად”, რათა მასთან ერთად აღვდგეთ და ღვთისკენ სავალ გზას განწმენდილნი დავადგეთ. ჩვენ ხორციელი, ცოდვილი ცხოვრებისათვის ვკვდებით და სულიწმიდის მიერ სულიერ და წმიდა ცხოვრებაში აღვდგებით. მთავარი ისაა, რომ ნათლისღებისას მონათლულის გულიდან ეშმაკი განიდევნება ანუ ჩვენი ბუნება ჯვარცმა-ნათლისღებით აღიდგენს იმას, რაც ადამში ცოდვით დაცემით ჰქონდა დაკარგული. ერთისგან სიკვდილი მივიღეთ, ასევე ერთისგან უნდა მივიღოთ უხრწნელება და სიცოცხლე. რადგან პირველი ადამისგან ერთხელ ვიშვით, აუცილებელია მეორე ადამისგან – ქრისტესგან, ერთხელ სულიერი შობაც. უფალმა თავისთვის ტანჯვა და სიმძიმე განიკუთვნა, ჩვენ კი თავის ვნებებთან ზიარება ტანჯვის განუცდელად მოგვანიჭა. ნათლისღება არის კარი ზეცისა, რომელიც “რაკი ასე ფართოდ გაიღო, ჩვენს შესვლას ელოდება (წმ.გრიგოლ პალამა)”. ამიტომაც ამბობს უფალი: “უკუეთუ ვინმე არ აიშვას მეორედ, ვერხელეწიფების ხილვად სასუფეველი ცათა” (იოანე,3,3). და რადგან ადამიანი სულისა და სხეულისაგან შედგება, უფალმა “ორადი განწმენდაც დაგვიწესა – წყლით და სულიწმიდით. სულიწმიდით, რომელიც განაახლებს და აღადგენს ჩვენში ხატსა და სახეს ღმრთისას; და წყლით, რომელიც სულიწმიდის მადლის მიერ განწმენდს ჩვენს სხეულს ცოდვისაგან და გვიხსნის ხრწნილებისაგან” (წმ. იოანე დამასკელი). ძველი აღთქმის საშუალებით უფალი მესიის გამოჩინებისათვის ამზადებდა ძველ ისრაელს; ხოლო ახალი აღთქმისა და საიდუმლოებების საშუალებით სასუფევლისათვის გვამზადებს ახალ ისრაელს. და რადგან ყოველი ქრისტიანის დანიშნულება “სულიწმიდის მადლის მოხვეჭაა” (წმ. სერაფიმე საროველი), ამიტომ ნათლისღებითა და მირონცხებით განწმენდილ სულს, სულიწმიდის ბეჭედსა და მადლს მოვლა და გაფრთხილება სჭირდება. იგი მყუდროში დანთებული სანთელივითაა, რომელიც ჩირაღდნად უნდა აინთოს და ქრისტესა და მოყვასის სიყვარულში დაიფერფლოს. ამიტომაცაა ესოდენ მნიშვნელოვანი უფლისმიერი ნათლისღება და ამიტომაც უგალობს ეკლესია: “განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი, უფალო, აწ გამოისახა ჩუენზედა”.

თხუთმეტი წელი გავიდა მამა გაბრიელის გარდაცვალებიდან…😦

ორი ნოემბერი მამა გაბრიელის გარდაცვალების დღეა. მოდი, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ იგი და აღვივსოთ საღმრთო მადლით. ერთხელ სამთავროს დედათა მონასტრის იღუმენიამ, დედა ქეთევანმა, შესჩივლა, აღარ შემიძლია, ჯვარი უნდა მოვიხსნაო. ბერი შეყოვნდა, ჩვეულებისამებრ, ხატებისკენ მიბრუნდა, ხელაპყრობილმა ილოცა და თქვა: ”- მოთმინება იქონიე, დაო და დედაო, შენით ნუ მოიხსნი ჯვარს, ვინც მოგხსნის, პასუხს იგი აგებს. განა პატრიარქს არ უჭირს? შენ არ იცი, ”კათალიკოსის” ჯვარი რა მძიმეა, იგი ხომ ორ ჯვარს ატარებს – ერისას და ეკლესიისას, იმან რაღა ქნას? ბევრი განსაცდელი გელოდება, ღმერთი ღუმელში შეგაგდებს, რომ გამოგცადოს და განგწმინდოს. *  *  * მამა გაბრიელი ხშირად იმეორებდა – საქართველოს ეკლესიას მადლი არასოდეს გაშორდებაო. ერთხელ საერო მდგომარეობით შეწუხებულ ერთ მოძღვარს უიმედობა დაეუფლა. მწარე ფიქრებში ჩაფლული სამთავროს სავანეს მიადგა. გაბრიელ ბერმა მკაცრად ჩახედა თვალებში და მკვახედ უთხრა: ”როგორ გაიფიქრე! განა ზეცის დედოფალი თავის წილხვედრ ივერიას მიატოვებდა?” ამის გამგონე  მუხლმოდრეკილმა  მღვდელმა შენდობა ითხოვა და აღიარა: მართლაც, სვეტიცხოვლის ტაძრიდან რომ გამოვდიოდი, დავიჩოქე და ღვთისმშობელს მივმართე: – ღვთისმშობელო! როგორ მიგიტოვებია საქართველო, ამ მიწაზე ერთი წმინდა ბერიც კი ვერ ვნახე-მეთქი. – ძმაო, მე კი ნუ მთხოვ შენდობას, წადი და შენდობა ღვთისმშობელს სთხოვე! – დაუყვავა ბერმა, მოეფერა და გულში  ჩაიკრა მოძღვარი. *  *  * მამა გაბრიელთან ყველა ეძიებდა ნუგეშს. მასთან მიდიოდნენ ჭირისუფალნი და დედები, რომელნიც უსასოობას შეეპყრო. ერთი მათგანი იხსენებს, რომ როცა მათი ახლო ნათესავი გარდაიცვალა, ოჯახში ყველაფერი აირია. მისმა შვილმა ვერ გაუძლო ასეთ სტრესს და და დამამშვიდებელი წამლების სმას მოუხშირა. დედამ თავისი ხელით შეუძინა წამლები და მოსკოვში გაატანა. არავინ იცის, იქ რა მოხდა, ეს კია, ბიჭი გარდაიცვალა. ამის მერე თავს იდანაშაულებდა, ჩემი ხელით მოვკალი შვილიო; მასაც მცხეთისკენ, გაბრიელ ბერის სავანისკენ  მიასწავლეს. სამთავროში ჩასული მოკრძალებით დაჯდა საყდართან და ქვითინი დაიწყო. ვერც კი გაიგო, ისე მიუახლოვდა მოთქმით უცნობი. ქალი ვერ წარმოიდგენდა, ვინმეს თუ შეეძლო ასე მოთქმა. გაიფიქრა, თვითონ უნუგეშომ სხვა როგორ ვანუგეშოო, მიუტრიალდა მტირალს და ბერულად მოსილი ჭარმაგი კაცი იხილა. ეს გაბრიელ ბერი იყო. მან პირდაპირ თვალებში ჩახედა ქალს და გულშეძრულმა უთხრა: – განა ღვთისმშობელი დედა არ იყო?! მისი ერთადერთი ძე ჯვარს აცვეს, მაგრამ თავი არ მოუკლავს, უფლის ნებას მიენდო! გაბრიელ ბერის სიტყვებმა ნუგეში და იმედი ჩაუსახა სასოწარკვეთილ დედას. *  *  * ერთ დღეს მამა გაბრიელი კელიიდან ჩამობრძანდა. ხელთ ღვინით სავსე ქილა ეჭირა; ეზოში გამოვიდა, ნება-ნება სვამდა, თან ქანაობდა. მერე თითქოს მარტო სმა მოსწყინდაო, თვალი ეზოს მოავლო და სამთავროში სალოცავად მისულ ერთ სტუმარს დაუძახა, დამილიეო. მას ფერი ეცვალა,  მაგრამ მაინც მოუჯდა ბერს გვერდით და სმა განაგრძეს. ღვინოს ტკბილი წვენის გემო ჰქონდა; ცოტა ხანში სტუმარმა თამაში დაიწყო, თითქოს შეთვრა ისიც. მამა გაბრიელს გაუხარდა, რომ გაუგეს. ერთი უცნობი თვალს ადევნებდა მათ ქცევას. აშკარად ეტყობოდა, ლოთებად მიიჩნია. გაბრიელ ბერმა დაუძახა და დაგვილიეო – შესთავაზა. უცნობმა ჭიქა აიღო და გასინჯა, მაგრამ როცა ტკბილი წვენი იგემა, უხერხულობისგან გაწითლდა. გაბრიელ ბერმა მშვიდად მიუგო: – განკითხვისთვის ხომ შეიძლება დაღუპულიყავი?! ყოველი ცოდვა ეპატიება ადამიანს სულიწმიდის გმობის გარდა, მაგრამ განკითხვის სიმძიმეს მაინც განგაცდევინებს ღმერთი, რათა შევიგრძნოთ ეს გარემოება. *  *  * დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი ჰყვებოდა: “ერთი ძველი მეზღვაური გვეწვია ტაძარში და  მამა გაბრიელის შესახებ ასეთი რამ გვიამბო: იქნებოდა 1993 წელი. გერმანიაში ჩავედი მანქანის შესაძენად და საკმაოდ დამღლელი მგზავრობის შემდეგ, როგორც იქნა, საქართველოს საზღვარი გადმოვლახე.  მცხეთაში რომ შემოვედი, დაბინდდა. უჟმური ამინდია, თოვლ-ჭყაპი. მოულოდნელად ვხედავ, ვიღაც დგას გზის პირას, ჩაცმულობით გლახაკს წააგავს. გავცდი, არ გავუჩერე. ვფიქრობ ჩემთვის:”ჩასვი ახლა ამ ახალ მანქანაში ეს საცოდავი, აგიყროლებს მანქანას… არა, არ გავუჩერებ. მაგრამ 700-800 მეტრი რომ გავიარე, სინდისმა შემაწუხა  და უკან დავბრუნდი, ჩავისვი უცნობი. ცოტა ხნის შემდეგ მანქანის სალონში ენით აუწერელი კეთილსურნელება დატრიალდა. ვფიქრობ:”საიდან მოდის ასეთი სურნელი? – რაო, მოყვასო, აგიყროლე მანქანა? – ღიმილით მეკითხება უცნობი. მივხვდი, ყოველ ჩემს აზრს კითხულობს. ვგრძნობ, ეს კეთილსურნელებაც მისგან მოდის. შიში და გაოცება მიპყრობს ერთდროულად. სახელს ვეკითხები. ”- ბერი გაბრიელი ვარ,”- მპასუხობს ისიც. საუბარი გავაბით. დამშვიდობებისას მეუბნება, რომ არცთუ დიდი ხნის შემდეგ მე მის საფლავზე მივალ. რა მინდა მის საფლავზე, ან რა ვიცი, სად დაკრძალავენ?”- ვბუზღუნებ გულში. გავიდა ორიოდე წელი. მე კვლავ გერმანიაში ვარ მანქანის ჩამოსაყვანად. გამომგზავრების წინ იქ მცხოვრებ ქართველებს ვეცნობი. მორწმუნეები აღმოჩნდნენ. მთხოვენ, რაკი საქართველოსკენ მივემგზავრები, მცხეთაში დედათა მონასტრისთვის შეწირული ხალიჩები და სხვა ნივთები ჩავიტანო. – ნივთები კი მომაქვს, მაგრამ გულში ვდრტვინავ. მცხეთაში რომ შემოვედი, უკვე დილის 4 საათი იყო. მონასტერს რომ მივუახლოვდი, ვხედავ, რკინის ჭიშკარი ჯაჭვითაა დაკეტილი და კლიტე ადევს. მშიერ-მწყურვალი, დაქანცული ვდგავარ დაკეტილ მონასტერთან დილის 4 საათზე. აქ რა მინდა? – ვფიქრობ გაღიზიანებული. მთელი ძალით ვიწყებ რკინის კარზე რახუნს. მონასტრიდან გამოდის ერთი კაფანდარა მონაზონი. ”გერმანიიდან თქვენთვის რაღაცები გამომატანეს,”- მოვუჭერი მოკლედ, ვიდრე რაიმეს მკითხავდა. ეძახის სხვა მონაზვნებს, მიაქვთ ნივთები, მას კი მონასტრის ეზოში შევყავარ. ბინდბუნდში წესიერად ვერ ვარჩევ, სად ვარ. მაგრამ აი, მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ საფლავებს შორის მივდივარ. სად მივყავარ? მონაზონი ცდილობს, მადლიერება გამოხატოს, მლოცავს და მეუბნება: -”მე თქვენ ისეთ რამეს მოგცემთ, ნამდვილად გაგიხარდებათ, ოჯახში წაიღეთ. იხრება ერთ-ერთ საფლავზე და ანთებული კანდელიდან პატარა შუშის ჭურჭელში ზეთს მისხამს. საცაა ავფეთქდები, მონაზონი კი, თითქოს აქ არაფერიაო,  მეუბნება: – ეს ზეთი უბრალო არ გეგონოს, მამა გაბრიელის საფლავიდან გაძლევ. მამა გაბრიელის ხსენებაზე ჩემი რისხვა განცვიფრებამ შეცვალა. ეს ის მამა გაბრიელი ხომ არ არის, მე რომ გავიცანი, დარწმუნებით რომ მეუბნებოდა, ჩემს საფლავზე მოხვალო… ღმერთო ჩემო, ვინ ყოფილა ეს ადამიანი?”მონაზონმა დამიდასტურა, რომ ეს სწორედ გაბრიელ ბერის საფლავი იყო. მის ხსოვნას დღემდე სათუთად ვინახავო,”- დაასრულა თავისი მონათხრობი მეზღვაურმა”.

ღვთისმშობლის წილხვედრი ადგილები…

“ათონელი ბერები ამბობენ, რომ ეს ხატი მეორედ მოსვლის წინ, ბოლო ჟამს წავა აქედან თავის პირველ სამყოფელში, ივერიაში ანუ ჩვენს საქართველოშიო”

ივერია

მაცხოვრის ზეცად ამაღლების მერე უფლის მოციქულებმა წილი ყარეს, თუ ვის სად უნდა ექადაგა ქრისტეს მოძღვრება. ივერია ღვთისმშობელს ხვდა წილად. გამომგზავრების წინ ღვთისმშობელს უფალი გამოეცხადა და უთხრა: “დედაო ჩემო, არა უგულებელ ვჰყო ერი იგი საზეპურო უფროის ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთათვის. ხოლო შენ წარავლინე პირველწოდებული ანდრია ნაწილსა მას შენდა ხვედრებულსა და თანა-წარატანე ხატი შენი, როგორიც პირსა შენსა დადებითა გამოისახოს და შენ წილ ხატი იგი შენი მკვიდრობდეს მცველად მათდა უკანასკნელთა ჟამთა”.

საქართველოში საქადაგებლად წმინდა ანდრია მოციქული წამოვიდა და თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის “აწყურისად” წოდებული ხატი ჩამოაბრძანა. არ დაივიწყა უფალმა საზეპურო ერი და სხვადასხვა დროს, წმინდა ანდრიასთან ერთად, სვიმონ კანანელი, მატათა და ბართლომე მოციქულნი გამოგზავნა საქადაგებლად.

აღარაფერს ვიტყვით სვეტიცხოველში დაკრძალულ უფლის კვართსა და ილიას ხალენზე, წმინდა მოციქულების საფლავებზე – სვიმონისა – აფხაზეთში და მატათასი – აჭარაში და სხვა სიწმინდეებზე, რომლებიც, როგორც სვეტნი, შესდგომიან ქართველთა რწმენის საყდარს.

ამ სიწმინდეთა შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ზუგდიდის მუზეუმში დაცული ღვთისმშობლის კვართი (რომელზეც რამდენიმე წლის წინ მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი გამოისახა) და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის იმ სარტყლის ნაწილი, რომელიც კონსტანტინოპოლში, ვლაქერნის ტაძარში ინახებოდა და, ერთ-ერთი ვერსიით, საქართველოში ბიზანტიელ ელენე დედოფალს ჩამოუტანია  XI საუკუნეში.

უფლის დედამ საქართველოს ქრისტიანულად ნათელღება შემდგომში წმინდა ნინოს ხელით ინება. ღვთისმშობელი სიზმარში გამოსცხადებია წმინდა ნინოს და უთქვამს: “გაემგზავრე ივერიაში, დაამკვიდრე იქ სახარება და მე ვიქნები შენი შემწე”. მერე ყოვლადწმინდა მარიამს ვაზის ლერწის ჯვარი გადაუცია წმინდა ნინოსთვის და უთქვამს:

“ეს იქნება შენი შემწე და მფარველი ყოველ გაჭირვებაში, ყოველი ხილული და უხილავი მტრების წინააღმდეგ, ძალითა მისითა დაამყარებ იქ სიტყვას ძისა ჩემისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა”. წმინდა ნინოს გაღვიძებია და ხელში ის ჯვარი ჰქონია…

გავიდა ორი საუკუნე და საქართველოში ქრისტიანობის განსამტკიცებლად ღვთისმშობელმა ასურეთიდან გამოიხმო ცამეტი წმინდა მამა, წმინდა იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე.

IX საუკუნეში ულუმბოს მცირე საყდარში, მთაზე, მწირის სახით შეხიზნულ წმინდა ილარიონ ქართველს იქაური ბერძენი მამასახლისი ეკლესიიდან გაძევებას უპირებდა. ამ მამასახლისს ძილში გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მკაცრად გააფრთხილა:

“რომელნი მათ (ქართველებს – კ.კ.) არ შეიწყნარებენ, მტერ ჩემდა არიან, რამეთუ ჩემდა მონიჭებულ არს ძისა მიერ ჩემისა ნათესავი იგი, შეურყვნელად მართლმადიდებლობისათვის მათისა, ვინაითგან ჰრწმენა სახელი ძისა ჩემისა და ნათელ იღეს”.


ათონის მთა

უფლის დედა წმინდა იოანე ღვთისმეტყველსა და უფლის სხვა მოწაფეებთან ერთად კუნძულ კვიპროსზე გაემგზავრა. კუნძულამდე ცოტაღა იყო დარჩენილი, რომ ქარიშხალი ამოიჭრა და ხომალდი ეგეოსის ზღვისკენ გაიტაცა, არქიპელაგის კუნძულებს შორის გაცურა და ათონის ნახევარკუნძულს მიადგა. ათონი წარმართული ღმერთების ტაძრებით იყო სავსე. როცა ღვთისმშობლის გემი ათონს მიუახლოვდა, მწვერვალზე მდგარი იუპიტერის ქანდაკება ჩამოვარდა და დაიმსხვრა.

წარმართულ ტაძრებში მდგარი კერპებიც დაიშალა. ხეებიც და შენობებიც კი ღვთისმშობლის მიმართ პატივისცემის ნიშნად დაიხარა. კერპებში ჩაბუდებული ეშმაკები ღვთის ძალით აყვირდნენ: “ჰოი, აპოლონის თაყვანისმცემლებო, სასწრაფოდ წადით კლემენტოს ნავმისადგომთან და მიესალმეთ ღვთის წმინდა დედას, მარიამსო”.

გაოცებული ხალხი შეეგება ნავსადგომში შემოსულ ხომალდს და ღვთისმშობელ მარიამს… შეუყვარდა ღვთისმშობელს ეს მხარე და ილოცა: “დაე, ეს ადგილი იყოს ჩემი წილხვედრი, რომელიც მომეცა ძისა და ღმრთისა ჩემისაგან. დაე, ღმრთის მადლი იყოს ამ ადგილას და მასზე რწმენით დამკვიდრებულთა და ჩემი ძის მცნებათა აღმსრულებელთა ზედა”. მერე უფლის დედამ ხომალდით კვიპროსისკენ გაცურა. აქ ერთი საინტერესო დეტალია:

ლაზარეს (რომლის ხსენებისას, იოანე-ზოსიმეს საგალობლის მიხედვით, რატომღაც ივერია გვახსენდება) სანახავად მიმავალი ღვთისმშობელი ღვთის განგებულებამ ათონის მთაზე, იმ ადგილას მიიყვანა – სადაც შემდგომში ივერთა მონასტერი აშენდება. აღსანიშნავია ისიც, რომ დაახლოებით 950 წლის შემდეგ, ყოფილი კლემენტოს ნავმისადგომის ახლოს ივერიის ღვთისმშობლის ხატს ზღვიდან გამოაბრძანებს გაბრიელ ქართველი. ამ წმინდა ხატს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და თავის წმინდა მისიას შეასრულებს მეორედ მოსვლის წინ მართლმადიდებელ სამყაროში…

როცა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა ათონის მთის სიახლოვეს დედაქალაქის აშენება, იმ მხარის ეპისკოპოსს ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა: “მე ეს მთა ჩემს წილხვედრად ავირჩიეო”. ეს რომ გაიგო კონსტანტინე დიდმა, ბრძანა: “ამ მიწის გამო ღვთისმშობელს დავას არ დავუწყებ და თუ ინებებს და ამ მთაზე ბერები დასახლდებიან, იქიდან ყველა მცხოვრებს გამოვიყვანო”. ათონის წმინდა მთა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ბაღია და იქაურ მკვიდრთ უფლის დედის წყალობა ბოლო ჟამამდე არ მოაკლდებათ. 1821 წელს, ბერძენთა აჯანყებისას, თურქებმა ათონის მთა დაიკავეს. ბერთა უმეტესობამ იქაურობა მიატოვა.

დარჩენილნიც გაქცევას აპირებდნენ, რადგანაც იფიქრეს, ღვთისმშობელმა მიგვატოვაო. ამ დროს უფლის დედა მრავალ მეუდაბნოე მამას გამოეცხადა და უთხრა: “რისი შეგეშინდათ? ეს ყველაფერი გაივლის და აქაურობა კვლავ მონაზვნებით გაივსება. აი, გაძლევთ ნიშანს, ვიდრე ივერიის მონასტერში იმყოფება ჩემი ხატი, ნურაფრის გეშინიათ, ხოლო როცა ივერთა მონასტრიდან გამოვალ, მაშინ ყველამ აიკიდეთ აბგები და საითაც გინდათ, იქით წადითო”.

წმინდა ნილოს მირონმდინარის წინასწარმეტყველებით, როცა ივერიის ღვთისმშობელი დატოვებს ათონის მთას, მაშინ მთაწმინდას გადაეხსნება ღვთისმშობლის საფარველი. ხოლო მამა სერგის (ვესნინი) 1844 წელს ათონურ დღიურში ჩაუწერია: “ზოგიერთები (ათონელი ბერები) ამბობენ, რომ ეს ხატი მეორედ მოსვლის წინ, ბოლო ჟამს წავა აქედან თავის პირველ სამყოფელში, ივერიაში ანუ ჩვენს საქართველოშიო”.

ივერიის ღვთისმშობლის ხატის საქართველოში მობრძანებით უფლის დედის მეორე კვართი გადაეფარება ჩვენს სამშობლოს და იხსნის ივერიელთ ანტიქრისტეს ხელთაგან, ალბათ ამიტომ ბრძანებს მამა ლავრენტი ჩერნიგოველი, ანტიქრისტე საქართველოში ვერ გაბატონდებაო.

კიევი

XI საუკუნეში ათონის მთაზე, ერთ-ერთ მონასტერში, ცხოვრობდა ჩერნიგოვის გუბერნიის ქალაქ ლუბეჩის მკვიდრი, ბერი ანტონი. წმინდა კირიონ კათალიკოსის (საძაგლიშვილი) აზრით, ეს მონასტერი გახლდათ ივერონი, სადაც იმ დროს რამდენიმე სხვა რუსი მამაც მოღვაწეობდა. წინამძღვარს ღვთისაგან გამოცხადება ჰქონდა, რომ ანტონი ისევ რუსეთში უნდა გაეგზავნა. მართლაც, წმინდა ანტონმა მიმოიარა კიევის სავანეები, იქ ერთ ბორცვზე მღვიმეში დასახლდა და გამრავლდა ანტონის საძმო. მათთან სამოღვაწეოდ მოვიდა თორმეტი წლის ბიჭი, თეოდოსი.  ერთხელ ღირს ანტონთან ვარიაგი შიმონი მივიდა.

შიმონი კიეველ მთავრებთან ერთად ყივჩაღებს შეებრძოლა და სასიკვდილოდ დაჭრილი ღირსი ანტონისა და თეოდოსის ლოცვით გადარჩა. ახლა სამადლობლად მოსულმა, ღირს ანტონს ოქროს სარტყელი და გვირგვინი გადასცა, რომელიც ერთ დროს მამამისმა მაცხოვრის ქანდაკებას წელზე შემოარტყა და თავზე დაადგა. შიმონს ხმა მოესმა თურმე: – ეს გვირგვინი არასოდეს დაიდგა თავზე, წაუღე ანტონს, რომელიც ჩემი დედის სახელზე ტაძარს ააგებსო. ამავე გამოცხადებით, სარტყელი საზომად უნდა ჰქონოდათ წმინდა მამებს, როცა ეკლესიის მშენებლობას დაიწყებდნენ.

გამოხდა ხანი და კონსტანტინოპოლიდან ქვისმთლელი ჩამოვიდა. ისინი ტაძრებს აშენებდნენ კონსტანტინოპოლში. ერთხელ მათ შიკრიკებმა აუწყეს, ვლაქერნის ტაძარში დედოფალი გიხმობთო. ქვისმთლელებმა იქ დედოფალთან ერთად უამრავი მეომარი ნახეს. დედოფალმა მათ წმინდა ნაწილები და ოქრო გადასცა და უთხრა:

– მსურს ეკლესია ავაგო კიევში, თქვენ გავალებთ ამ საქმეს. წაიღეთ ოქროს სამი წლის მარაგი, ტაძარს კი საფუძვლად ეს წმინდა ნაწილები დაუდეთო. ღვთისმშობელმა მათ თან თავისი მიძინების ხატი გამოატანა, რომლის სახელობისაც ეს ტაძარი უნდა ყოფილიყო. უფლის დედამ ბოლოს მათ თავისი სახელიც გაუმჟღავნა. კიევში ჩამოსული ქვისმთლელები ამტკიცებდნენ, სწორედ ანტონისა და თეოდოსის ხელით გადმოგვცა დედოფალმა ღვთისმშობელმა ეს ოქროო.

ანტონის მიერ კიევში დაარსებულმა მონასტერმა განამრავლა სლავთა მიწაზე ბერმონაზვნობის მსურველნი.  ეს ადგილიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მესამე წილხვედრ ადგილად ითვლება.

დივეევო

დაახლოებით 1760 წელს კიევის წმინდა ფლორას სახელობის დედათა მონასტერში მივიდა მდიდარი პოლკოვნიკის ქვრივი აღათია მელგუნოვა სამი წლის ქალიშვილთან ერთად. აღიკვეცა მონაზვნად ალექსანდრას სახელით, კიევში სამუდამოდ აპირებდა დარჩენას, მაგრამ ერთხელ, ძილ-ღვიძილში წარმოუდგა ღვთისმშობელი მარიამი და უთხრა:

“არ მინდა აქ დაასრულო შენი წუთისოფელი… მიმოიარე რუსეთის ჩრდილოეთით ყველა წმინდა სავანე. ნახავ ადგილს, სადაც ჩემი მითითებით დაასრულებ შენს ღვთივსათნო ცხოვრებას, იქ დავაარსებ ისეთ სავანეს, რომელზეც გადმოვიყვან ღვთისა და ჩემს მთელ კურთხევას და კურთხევას დედამიწაზე ჩემი სამი წილხვედრისა: ივერიისა, ათონისა და კიევისა”.

ქალი გაემგზავრა რუსეთის ჩრდილოეთში. სოფელ დივეევოში შეჩერდა დასასვენებლად. აქ გამოეცხადა მას მეორედ უფლის დედა და უთხრა: “აი, ის ადგილი, რომლის მოძებნაც გიბრძანე. აი, ის სამყოფელი, სადაც შენ ღვთის განგებულებით უნდა იცხოვრო. მე ყოველთვის ვიქნები შენთან და ხშირად მოვინახულებ ამ ადგილს. ეს არის ჩემი მეოთხე წილხვედრი მსოფლიოში.

და როგორც ცაზე ვარსკვლავს და ზღვაში ქვიშას, გავამრავლებ აქ მსახურებს უფლისა და ჩემი, და სიუხვე მიწიერ და ზეციურ სიკეთეთა, მცირე ადამიანური შრომით მოწეული, არ მოაკლდეს ამ ჩემგან შეყვარებულ ადგილს”.

დედა ალექსანდრამ საროვის მონასტრის მამათა დახმარებით ააშენა ყაზანის ღვთისმშობლის ტაძარი და რამდენიმე კელია. სიკვდილის წინ ფული ბერ-დიაკონ სერაფიმეს გადასცა. გამოხდა ხანი. ღირსი მამა სერაფიმე სულიერად წარემატა და როცა დადგა ჟამი ღვთისმშობლის კურთხევის აღსრულებისა, ღირსი მამის ხელმძღვანელობით მისმა სულიერმა შვილებმა დიდებული სავანე ააგეს, სადაც ცალკე იყო კინოვია ქალწულებისთვის.

იქ ყოველი აგური ღვთისმშობლის კურთხევით დაიდო. უფლის დედის ნებითვე გაითხარა სავანის გარშემო არხი, რომელსაც ვერ გადალახავს მონასტრის დასარბევად მოსული ანტიქრისტე…

ალბათ დაუსრულებლად შეიძლება უფლის დედაზე და მის წილხვედრ ადგილებზე საუბარი. საგულისხმოა, რომ მისი წილხვედრი ქვეყანა მხოლოდ ივერიაა, რაც ათასგზის ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას. გილოცავთ ყველას ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, მისი წყალობა არ მოჰკლებოდეს ჩვენს ქვეყანასა და სრულიად საქრისტიანოს!

ათასი წელი და ცოტაც მეტი…

14 ოქტომბერს  საზეიმოდ აღინიშნება სვეტიცხოვლის დიდი ტაძრის აგებიდან ათასი წლისთავი

მიწიდან ზეცამდე აწეულმა ნათლის სვეტმა მთელი მცხეთა ფეხზე დააყენა

ბევრი დიდი და ლამაზი ტაძარი შეიძლება აიგოს, მაგრამ ვერც ერთი სვეტიცხოველს ვერ გაუტოლდება, რადგან აქ არის დაკრძალული უდიდესი სიწმინდეები საქრისტიანოსი – კვართი უფლისა და ელია წინასწარმეტყველის ხალენი. სწორედ სვეტიცხოვლიდან იწყება ქრისტიანობის ისტორია საქართველოში. სვეტიცხოვლის ტაძარი საუკუნეთა მანძილზე საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა.

მეფე მირიანის დროს ამ ადგილას ხის ეკლესიას ჩაეყარა საფუძველი და პირველად გაისმა ლოცვა: “საყდარო წმინდაო, სვეტო ნათლისაო, კვართო საღმრთოო.” სვეტიცხოვლის დღევანდელი  ტაძარი XI საუკუნის პირველ ნახევარშია აგებული. ყველა საუკუნე თავის კვალს აღბეჭდავდა მასზე. არაერთხელ შემუსვრილა სვეტიცხოვლის ტაძარი მტერთა გამანადგურებელი შემოსევების შედეგად. მაგრამ კვლავაც აღმდგარა ძველი დიდებულებით. ამით სვეტიცხოველი ჩვენი სამშობლოს სასიცოცხლო ძალის, მისი გაუტეხლობის სიმბოლოდ წარმოჩნდება. იგი სიწმინდე და მატიანეა საქართველოსი.

წმინდა ელიას ხალენი
მას მერე, რაც წმინდა ელია წინასწარმეტყველი ცეცხლოვანი ეტლით ზეცად აიყვანეს, მან თავისი მოსასხამი – ხალენი მოწაფეს, ელისეს გადმოუგდო და წინასწარმეტყველების მადლი წმინდა ელისეზე გადავიდა… გავიდა საუკუნეები და წმინდა ელიას ხალენი მცხეთაში მოხვდა. ალბათ, ისრაელიდან ნაბუქოდონოსორს გამოქცეულმა ებრაელებმა ჩამოიტანეს (586 წელს ქრისტეშობამდე). “მოქცევაი ქართლისაის” მიხედვით ხალენი იმ ადგილას დაფლეს და დამალეს, რომლის სიახლოვესაც შემდეგ მაცხოვრის კვართი დაიკრძალა.

როგორც ვიცით, წმინდა ელია, მართალ ენუქთან ერთად, ბოლო ჟამს მოევლინება კაცობრიობას, ამხელენ ანტიქრისტეს და მისგან სიკვდილს იხილავენ. როგორც ბრძანებს “ქართლის ცხოვრება”, ელიას ხალენი ბოლო ჟამს გამოჩნდება. რას ნიშნავს ელიას ხალენის ფლობა? იმას ხომ არა, რასაც იოანე-ზოსიმე ბრძანებს ქართულ ენაზე: “”რათა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა”? გადმოცემის მიხედვით, წმინდა ელიას ხალენის განსასვენებელი სვეტიცხოვლის ტაძრის საკურთხევლის სამხრეთ-აღმოსავლეთ სათავსში უნდა იყოს. ეს სათავსი ამჟამად წმინდა ელიას სახელობის ეკლესიად იწოდება. იქვე არის წმინდა ნინოს დროინდელი, ელია წინასწარმეტყველის სახელზე ნაკურთხი ჭა.

კვართი
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თავის ძეს ყრმობისას კვართი მოუქსოვა. გადიოდა წლები და სასწაულებრივად იზრდებოდა ღვთისმშობლის მოქსოვილი კვართიც. ის ეცვა მაცხოვარს მაშინაც, როცა პირველად გამოვიდა საქადაგოდ,  მაშინაც, როცა დამაშვრალს ნავში მიეძინა და მაშინაც, როცა გოლგოთისკენ ჯვარი მიჰქონდა… ხოლო როცა იესო ჯვარს აცვეს, ჯალათებმა გაიყვეს მისი სამოსელი და წილი ყარეს კვართზე, რომელიც მცხეთელ ურიებს ერგოთ.

მცხეთელი ჰურიანი
იერუსალიმიდან გამოქცეული ებრაელები ქართლში ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე VI საუკუნეში ჩნდებიან; ისინი ბოლოს ოთხ მძლავრ სათემოდ ჩამოყალიბდნენ. მათაც მოსწერა ანა მღვდელმა წერილი, რომლითაც მოუწოდა, ჩასულიყვნენ იერუსალიმში და ერთად დაესაჯათ იესო ნაზარეველი. მცხეთის ოთხი თემიდან ოთხი კაცი გაემგზავრა: ელიოზ მცხეთელი, ლონგინოზ კარსნელი, მიხაელი და თალენავი. ელიოზს დედა ჰყავდა მღვდლის ტომიდან და გასათხოვარი და, რომელსაც სიდონიას ეძახდნენ. გამგზავრების წინ მოხუცმა დედამ  შესთხოვა ელიოზს, იესოს დასჯაში მონაწილეობა არ მიეღო, რადგან სწორედ იგი იყო ჭეშმარიტი მესია.

მცხეთელი ებრაელები მაცხოვრის ჯვარცმას შორიდან უყურებდნენ; როცა იესო ჯვარს აცვეს,  მცხეთაში ელიოზის დედამ იგრძნო მაცხოვრის სიკვდილი და მწუხარებით შესძახა: ””მშვიდობით მეფობაო ისრაელისაო, რამეთუ მოჰკალით უბადრუკნო მაცხოვარი თქვენი”… და სული განუტევა.

იერუსალიმიდან დაბრუნებულ ელიოზს ცრემლმორეული სიდონია მიეგება და დედის სიკვდილი ამცნო, ელიოზმა კი მას მესიის კვართი გადასცა. გულანთებული სიდონია კვართს ეამბორა, გულში ჩაიკრა და ისიც გარდაიცვალა. ვერ გამოაცალეს სიდონიას ხელთაგან კვართი და ასე დაკრძალეს. მრავალი წლის მერე მეფე არმაზელმა სცადა სიდონიას საფლავის გათხრა და კვართის ხელში ჩაგდება, მაგრამ დაბრმავდა.

KvirisPalitra.Geწმინდა ნინო და სვეტი-ცხოველი
მცხეთაში ჩამობრძანებულმა წმინდა ნინომ ქრისტეს სჯულზე მოაქცია ჰურიათა მღვდელი აბიათარი. დედა ნინომ  აბიათარისგან შეიტყო უფლის კვართის ამბავი, მან იპოვა მაცხოვრის კვართისა და სიდონიას განსასვენებელი, მაგრამ,  ღვთის ნებით, ჯერ მისი გამოჩენის დრო არ იყო და ამიტომ არ გაამხილა ეს ადგილი.
როცა გაქრისტიანებულმა მეფე მირიანმა ტაძრის აშენება გადაწყვიტა, ღვთის განგებით, ამისთვის შერჩეული ადგილი დაემთხვა უფლის კვართისა და სიდონიას განსასვენებელს.

მოჭრეს სურნელოვანი ლიბანის ხე და ახალი ტაძრისთვის შვიდი სვეტი გამოთალეს, რომელთაგან ერთი სვეტის აღმართვა ხუროებმა ვერასგზით მოახერხეს.  ის ღამე წმინდა ნინომ მოწაფეებთან ერთად წაქცეულ სვეტთან ლოცვაში გაატარა. გამთენიისას ზეციურმა ნათლით მოსილმა  ჭაბუკმა აზიდა სვეტი, რომელიც ნაძვის ხის მონაკვეთ ძირზე  დაემყარა. მიწიდან ზეცამდე აწეულმა ნათლის სვეტმა მთელი მცხეთა ფეხზე დააყენა.

მეფე მირიანმა პირველი ქრისტიანული ტაძარი კვართის განსასვენებელ ადგილას ააშენა. მეფე რევის სვეტისთვის ქვითკირის ღობე შემოუვლია, რომელიც მის შვილიშვილს, მეფე მირდატს აუმაღლებია და ზედ ცხოველმყოფელი სვეტისგან დამზადებული  ჯვარი აღუმართავს.  მირდატის დროს სვეტისგან კიდევ მრავალი ჯვარი გაუკეთებიათ.

ქვითკირის სვეტს ჩრდილოეთ მხარეს, ძირში პატარა ღიობი ჰქონდა დატანებული, საიდანაც თავიდანვე უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა მირონი და გადმოცემით, შაჰ-აბასის პაპის, შაჰ-თამაზის შემოსევისას, სვეტიცხოვლის ტაძრის შებილწვის მერე შეწყდა. მხოლოდ ერთხელ, 1805 წელს წამოსულა სამირონეში წმინდა მირონი, რომელიც მცხეთელ დეკანოზს, ივანე მაღალაშვილს ჩამოუტანია პატრიარქისათვის. მირონს დიდი სურნელება ჰქონია და სნეულთ კურნავდა თურმე, მაგრამ ჩვენი ცოდვების გამო მირონის დენა რამდენიმე დღეში შეწყვეტილა და მეტად აღარ წამოსულა.


უფლის კვართი განუყოფელია

უფლის კვართი საქართველოშია. წმინდა კვიპრიანე კართაგენელი ბრძანებს: ””თავისი კვართის საიდუმლოთი უფალმა ეკლესიის ერთიანობაზე მიგვანიშნა და შეუძლებელია, ქრისტეს სამოსი ჰქონდეს იმას, ვინც ქრისტეს ეკლესიას არღვევს”.

ერთხელ წმინდა პატრიარქმა ნიკოლოზ გულაბერისძემ დედოფლის იძულებით ეპისკოპოსი ტიმოთე რუისის საყდარში აკურთხა. იმავე ღამეს სვეტიცხოველი მოხუცებული ბერიკაცის სახით გამოეცხადა ტაძრის ქადაგს და უბრძანა, პატრიარქი გაეფრთხილებინა, რომ მას აღარასოდეს ეკურთხებინა ეპისკოპოსი სადმე სხვაგან, სვეტიცხოვლის ტაძრის გარდა.”

გავიხსენოთ, რომ უფლის მეორედ მოსვლას წმინდა სიდონია უფლის კვართით ხელში შეეგებება. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ქვეყნის აღსასრულის ჟამს ჩვენი დედაეკლესია ერთიანი და განუყოფელი იქნება და ვაი, მათ, ვინც მის გაყოფას, მისგან განდგომას დააპირებს!

სვეტიცხოვლის სასწაულები
ისევ სვეტიცხოველს და მის სასწაულებს მივუბრუნდეთ. როცა ცამდე ამაღლებული, მერე თავისით მიწამდე ჩამოშვებული, ჰაერთა ზედა საკვირველად დაკიდებული სვეტის ამბავი შეიტყვეს, მთელი მცხეთა და გარშემო სოფლების მოსახლენი არაგვისა და მტკვრის შესართავისკენ, მეფის ბაღისაკენ დაიძრნენ, სადაც სასწაულები ხდებოდა. პირველი, ვინც სვეტიცხოველთან მიახლებით განიკურნა, დაბადებიდან ბრმა იყო. როგორც კი შეეხო წმინდა სვეტს, მისგან ნათელი გამოკრთა და კაცს მაშინვე თვალი აეხილა.

იმ დროს, როცა მთელი ქალაქი სვეტიცხოვლისკენ მიემართებოდა, ერთი მცხეთელი ურიის სახლიდან გლოვის ხმა გამოდიოდა – მშობლები გარდაცვლილ შვილს დასტიროდნენ და წუხდნენ, რომ მათი შვილი წმინდა სვეტთან მიახლებას ვერ შეძლებდა: “აღდეგ მკვდრეთით, მხოლოდშობილო ჩვენო და მივეახლოთ უცხოდ გამოჩენილსა მას სვეტსა ნათლისასა”. უეცრად ყრმა წამოჯდა და ითხოვა, სასწრაფოდ მიეყვანათ იქ, “სადა არს ცეცხლის სვეტი, რომელმან ჯოჯოხეთის უფსკრულიდგან ამომიყვანა”. გახარებულმა მშობლებმა შვილი სამეფო ბაღში წაიყვანეს.

იქ შეკრებილ მეფე მირიანს, დედოფალ ნანასა და მთელ ერს ყმაწვილმა უამბო, ”სიკვდილისთანავე როგორ მოხვდა ჯოჯოხეთში და როგორ იტანჯებოდა,  ვიდრე ნათელი არ გამობრწყინდა: “ციდან ჩამოეშვა ნათლის სვეტი, რომლის თავზეც იდგა ის, ვინც ჩვენმა წინაპრებმა ჯვარს აცვეს. მან ბრძანა: დაუბრუნეთ მის მშობლებს, რამეთუ “მელმის გული ტკივნეულობისა მათისა”. მომკიდეს ხელი ჭაბუკებმა და სხეულში დამაბრუნეს”.

წმინდა მარიამს ანგელოზები ზეციურ საკვებს უძღვნიდნენ და ესაუბრებოდნენ….

ყველა განცვიფრდა, როდესაც ნახეს, როგორ აიარა სამი წლის მარიამმა თხუთმეტი საფეხური დაუბრკოლებლად

4 დეკემბერს მართლმადიდებელი სამყარო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას დღესასწაულობს

მოსეს რჯულის მიხედვით, ქალი, რომელიც მამრობითი სქესის ბავშვს შობდა, 40 დღე უწმინდურად ითვლებოდა, მდედრობითი სქესის ბავშვის დაბადების შემთხვევაში კი – 80 დღე. მართალ ანას ახალშობილი მარიამი რჯულის აღსასრულებლად მიჰყავს იერუსალიმის ტაძარში, რათა წარადგინოს უფლის წინაშე.
რჯულისამებრ, ახალშობილის მშობლებს ღმერთისთვის უნდა შეეწირათ ორი გვრიტი ან მტრედის ორი მართვე (გვრიტი ერთგულების სიმბოლოა, მტრედი კი მრავალნაყოფიერი ფრინველია).

ყოვლადწმინდა მარიამის ცხოვრებაში მოთხრობილია ერთი საოცარი შემთხვევა: ექვსი თვის მარიამი მართალმა ანამ მიწაზე დასვა, სურდა, გამოეცადა, შეძლებდა თუ არა ფეხზე დგომას. სასწაული მოხდა: მარადის ქალწულმა შვიდი ნაბიჯი გადადგა და კვლავ დედასთან დაბრუნდა. გაოცებულმა დედამ ხელში აიტაცა ბავშვი, ადიდა უფალი და აღთქმა დადო: შენ მიწას ფეხს არ დააკარებ, სანამ უფლის სახლში არ მიხვალო.

როდესაც წმინდა მარიამი ერთი წლისა შესრულდა, იოაკიმემ მოიწვია ღვთისმსახურები, მწიგნობრები, მეგობრები და სადღესასწაულო ნადიმი გადაიხადა. მამის თხოვნით სტუმრებმა ასე დალოცეს მარიამი: “ღმერთო, მამათა ჩვენთაო, აკურთხე ყრმა ესე და განადიდე სახელი მისი ყოველთა ტომთა ზედა”.
წმინდა მარიამი ყველას აოცებდა გონიერებით. მისი ბავშვური სიბრძნე კეთილისმყოფელ მზის შუქს ედრებოდა. ბრძენი მშობლები მას ღვთის სამსახურისთვის ამზადებდნენ და უყალიბებდნენ აზრს, რომ იგი ღვთისთვის აღთქმული იყო, რომ ღმერთთან ყოფნა გაცილებით უკეთესია, ვიდრე მშობლებთან.

“ისმინე, ასულო, და მოჰყავ ყური შენი და დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისა”, – ბრძანებს დავით მეფე ფსალმუნში და აი, დადგა კიდეც ამ წინასწარმეტყველების აღსრულების დრო. ყოვლადწმინდა ქალწულმა უნდა დატოვოს მშობლების სახლი და სამუდამოდ უფლის სახლში გადავიდეს საცხოვრებლად.
მართალ იოაკიმესა და ანას ტაძარში მიჰყავთ ასული. მარიამი შედის “წმიდათაწმიდაში”. ამ მოქმედებით იწყება ღმერთთან ადამიანთა მოდგმის შერიგების საიდუმლო.

ადამის მოდგმას აურაცხელ ცოდვათა გამო აეკრძალა სამოთხეში შესვლა, ღვთის წიაღში ადამიანთა დაბრუნების საწინდარი სწორედ დედა ღვთისას დაბადებაა.
საღვთო გადმოცემაში შემონახულია დაწვრილებითი ცნობები ყოვლადწმინდა ქალწულის ტაძრად მიყვანების შესახებ.

მართალი იოაკიმესა და ანას სახლში უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი, მათ შორის იყვნენ ნათესავები, მეზობლები, მარიამის თანატოლ ქალწულთა გუნდი, რათა იგი ტაძარში გაეცილებინათ. ყველანი გაემართნენ იერუსალიმისაკენ – ნაზარეთიდან სამი დღის სავალზე. ძველი აღთქმის კანონიკის მიხედვით, ტაძარში მსხვერპლშემწირველებს შვიდდღიანი მარხვა უნდა დაეცვათ და ლოცვით განწმენდილიყვნენ. ამ კანონის აღსრულების შემდეგ ანთებული სანთლებით ხელში გაემართნენ ტაძრისკენ, იოაკიმესა და ანას ხელში ეპყრათ სამი წლის მხოლოდშობილი ასული – მიმადლებული მარიამი. მათთან შესახვედრად ტაძრიდან ღვთისმსახურები გალობით გამოვიდნენ. საოცარი დღე იყო, ყველას უნდოდა, მონაწილეობა ყოვლადწმინდა ქალწულის ტაძრად მიყვანებაში.

ტაძარში შესასვლელი კიბე თხუთმეტი საფეხურისგან შედგებოდა. წმინდა იოაკიმემ და ანამ ღვთისმშობელი პირველ საფეხურზე დააყენეს. ყველა განცვიფრდა, როდესაც ნახეს, როგორ აიარა სამი წლის მარიამმა თხუთმეტი საფეხური დაუბრკოლებლად. კიბის თავში ღვთისმსახურებით გარშემორტყმული მღვდელმთავარი ზაქარია დაუხვდა. მან პირველი და მეორე კრეტსაბმელის გავლით “წმიდათაწმიდაში” შეიყვანა, სადაც მხოლოდ მღვდელმთავრებს ჰქონდათ შესვლის უფლება წელიწადში ერთხელ. ღვთივჩაგონებით სალოცავად ადგილიც მიუჩინა.

მოხუცმა მშობლებმა, როდესაც ასული ზეციური მამის ნებას დაუმორჩილეს, სამადლობელი მსხვერპლი შესწირეს და შინ დაბრუნდნენ. აქებდნენ და ადიდებდნენ უფალს, რომელმაც სიბერეში ღვთაებრივი საჩუქარი მიმადლა მათ. ხარობდნენ, რომ უფალმა ღირსი გახადა, ეს საჩუქარი მათთვის მიეძღვნა.

ტაძრად მიყვანების შემდეგ, სამი წლის მარიამი განამწესეს ქალწულთა სავანეში, რომელიც უძველესი დროიდან არსებობდა. მღვდელმთავრის კურთხევით უფროსი ქალწულები მას წმინდა წერილის კითხვასა და ხელსაქმეს ასწავლიდნენ. პატარა მარიამი ტაძარში მხოლოდ სალოცავად შედიოდა, დანარჩენ დროს კი სავანეში ატარებდა.

ქალწული მარიამის ყოფნა ტაძარში განსაკუთრებული სისპეტაკითა და სიწმინდით გამოირჩეოდა. მისი ცხოვრებისეული წესი ღვთისადმი განსაკუთრებულ მოწიწებას აღძრავდა. დადგენილი კანონისამებრ, ალიონზე დგებოდა და, გადმოცემის მიხედვით, დღეში სამჯერ ლოცულობდა: დილით, შუადღისას და ნაშუადღევს.

მარადის ქალწულს წმინდა ანგელოზები ეცხადებოდნენ, ყოველდღიურად ნახულობდნენ, ზეციურ საკვებს უძღვნიდნენ და ესაუბრებოდნენ. წმინდა მარიამის ყოფნა ტაძარში სულიწმიდის მიერ იყო ნაკურთხი. ხელსაქმედ ჰქონდა სელისა და მატყლის დართვა, უმეტესწილად საღვთისმსახურო შესამოსელს აბრეშუმით ქარგავდა.

ასე იზრდებოდა წმინდა მარიამი უფლის სახლში. მას მალე გარდაეცვალა მოხუცი მშობლები. ყოვლადწმინდა მარიამმა ქალწულების აღთქმა დადო ღვთის წინაშე, რომ დარჩებოდა ტაძარში და უფლის ნებას დაემორჩილებოდა.

 

 

წმინდა ბარბარეს მოწამეობა და სასწაულები….

უფალმა ნათლის სამოსლით შემოსა ქალიშვილი

მართლმადიდებელი ეკლესია 17 დეკემბერს წმინდა დიდმოწამე ბარბარეს მოიხსენიებს, 18-ში – წმინდა საბა განწმენდლის, 19 დეკემბერს კი წმინდა ნიკოლოზის ხსენებაა. ვულოცავთ ყველას ამ წმინდა დღეების შემობრძანებას და ამჯერად წმინდა ბარბარეს წამებასა და მის მიერ მოხდენილ სასწაულებზე მოგითხრობთ.

IV საუკუნის დასაწყისში ფინიკიაში, ილიოპოლისში, ერთ წარმართ მდიდარს, სახელად დიოსკორეს, ულამაზესი ქალიშვილი ჰყავდა, ბარბარე. დიოსკორემ მაღალი კოშკი ააგო და ბარბარე შიგ ჩაკეტა. გოგონა მხოლოდ სარკმლიდან დანახული სამყაროს მშვენების ყურებით ინუგეშებდა თავს. ქალიშვილი გაიზარდა და მამამ გათხოვება დაუპირა, რაზეც ბარბარემ ცივი უარი განაცხადა. მამამ გადაწყვიტა, მისთვის ცოტა ხანს დაეცლია, თანაც ციხე-კოშკის მშენებლობა დასრულებული არ ჰქონდა. დიოსკორემ მუშებს აბანოს აშენება და სამხრეთის კედელში ორი სარკმლის დატანება უბრძანა, თვითონ კი საქმეზე გაემგზავრა.

ბარბარეს უკვე თავისუფლად შეეძლო შინიდან გამოსვლა. ქრისტიანი ქალიშვილები გაიცნო და მათგან შეიტყო ქრისტეს მოძღვრების შესახებ. ამ დროს ილიოპოლისში ვაჭრად გადაცმული მღვდელი ჩამოვიდა, ბარბარემ ის შინ მიიწვია, მისივე ხელით ნათელიღო და ქრისტეს რწმენაში განმტკიცებულმა გადაწყვიტა, სიცოცხლე უფლისთვის მიეძღვნა. ბარბარემ აბანოს მშენებელ მუშებს, ნიშნად ყოვლადწმინდა სამებისადმი რწმენისა, ორის ნაცვლად სამი სარკმელი დააყენებინა.

შინ დაბრუნებული დიოსკორე ამის გამო საშინლად განურისხდა ქალიშვილს, – ასე რატომ მოიქეციო. წმინდა ბარბარემ მამას ყოვლადწმინდა სამებისადმი რწმენა უქადაგა. დიოსკორემ მახვილი იშიშვლა და ქალიშვილს მოსაკლავად გამოეკიდა. გოგონა გაიქცა და მთებში, მღვიმეს შეაფარა თავი. მამამ მიაგნო, უწყალოდ სცემა, თმით ითრია და შინ ჩაკეტა. მერე იმ მხარის მმართველ მარტინიანეს შესჩივლა: – ჩემმა ქალიშვილმა ჩემს ღმერთებს უღალატა და თუ რწმენას არ დაუბრუნდება, როგორც გინდა, ისე აწამეო.

მარტინიანემ მშვენიერი ქალწულის დაყოლიება ტკბილი სიტყვებით სცადა, – მებრალება შენი სილამაზე, ნუ მაიძულებ, გაწამო, წამოდი და ჩვენთან ერთად მსხვერპლი შესწირე ღმერთებსო. ბარბარემ მტკიცე უარი განუცხადა. განრისხებულმა მმართველმა ქალიშვილის გაშიშვლება და მისი ხარის ძარღვების მათრახით გაშოლტვა ბრძანა… დიდხანს სცემდნენ წმინდა ბარბარეს, მიწა სისხლით მოირწყო, მაგრამ რწმენა ვერ შეურყიეს. ბოლოს, ცოცხალ-მკვდარი ქალწული დილეგში ჩააგდეს.

შუაღამისას წმინდანს უფალი ჩვენი იესო ქრისტე გამოეცხადა და უთხრა:”- კადნიერ იქმენ და ნუ შედრკები, სასძლოო ჩემო, რამეთუ მე შენთან ვარ, გმფარველობ, ვხედავ შენს გმირობას და შეგიმსუბუქებ სატკივარს, დაითმინე ბოლომდე, რათა მალე დატკბე საუკუნო სიკეთეებით ჩემს სასუფეველშიო. უფალმა წმინდა ბარბარე წყლულებისაგან განკურნა ისე, რომ კვალიც კი არ დარჩენილა.

ამავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი დედაკაცი, სახელად იულიანა, რომელიც ბარბარესავით ქრისტესთვის მოწამეობას ნატრობდა.
სრულიად განკურნებული ბარბარე მმართველს მიუყვანეს. მან კი ეს სასწაული თავის ღმერთებს მიაწერა, რაზეც წმინდა ბარბარემ უპასუხა, ჩემი ერთადერთი მკურნალი უფალი იესო ქრისტეაო. საშინლად განრისხდა მარტინიანე. მისი ბრძანებით ბარბარე ხეზე ფეხებით დაჰკიდეს, სხეულს რკინის ბრჭყალებით უსერავდნენ, უწვავდნენ, თავში ჩაქუჩს ურტყამდნენ. ამგვარი სისასტიკით გულშეძრულმა წმინდა იულიანამ ხმა აღიმაღლა, – მეც ქრისტიანი ვარო.

შეიპყრეს და აწამეს. ბოლოს, წმინდა ბარბარე გააშიშვლეს და ქალაქში გაატარეს. მოხდა სასწაული, უფალმა ანგელოზი გამოგზავნა, რომელმაც ნათლის სამოსლით შემოსა ქალიშვილი და კაცნი მის შიშველ სხეულს ვეღარ ხედავდნენ. მმართველმა წმინდა ბარბარესა და წმინდა იულიანას თავის მოკვეთა განუჩინა. ბარბარეს ჯალათობა მამამისმა, დიოსკორემ იკისრა – საკუთარ ქალიშვილს თავი მოჰკვეთა, წმინდა იულიანას კი ერთ-ერთმა ჯარისკაცმა მოსჭრა თავი.

ღვთის რისხვა მოიწია დიოსკორესა და მარტინიანეზე – ორივეს მეხი დაეცა და ფერფლად აქცია. წმინდანთა სხეულები კი ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს და მათ საფლავებზე ეკლესია ააშენეს.

შემდგომში წმინდა ბარბარეს ნაწილები საბერძნეთიდან რუსეთში, კიევის წმინდა მიქაელის სახელობის მონასტერში გადმოასვენეს და იქ იყო დავანებული გასული საუკუნის 30-იან წლებამდე. ბოლშევიკებმა ეს მონასტერი ააფეთქეს და წმინდა ბარბარეს მოვერცხლილი ლუსკუმა დაამსხვრიეს. მორწმუნეებმა დიდმოწამის წმინდა ნაწილები კიევის ვლადიმირის ტაძარში დაასვენეს და ასე გადაარჩინეს განადგურებას.

წმინდა ბარბარეს ბავშვების მფარველად მიიჩნევენ და ევედრებიან პატარების უეცარი სიკვდილისაგან დახსნას. ბარბარობას საქართველოში ლობიანებს აცხობენ და ასე აღნიშნავენ დიდი წმინდანის ხსენებას.

სასწაულები. XVII საუკუნეში რუსეთში, ძმათამკვლელი ომის დროს, წმინდა მიქაელის მონასტრის წინამძღვარმა ძილში იხილა, რომ წმინდა ბარბარეს ლუსკუმა ზეთით იყო ავსებული. წმინდა მოწამემ კი უთხრა, – ნუ დარდობ, მე თქვენთან ვარო. როცა წინამძღვარს გაეღვიძა, თქვა: -”ზეთით ავსებული ლუსკუმა იმას ნიშნავს, რომ მონასტერს ღვთის წყალობა არ მოაკლდება და განსაცდელებსაც გადაურჩებაო. ასეც მოხდა.

1666 წელს ჯარისკაცებმა – ანდრიამ და თეოდორემ წმინდა ბარბარეს ლუსკუმიდან  შეწირული ძვირფასეულობის მოპარვა გადაწყვიტეს. ღამით ტაძრის კარი შეამტვრიეს. როცა ლუსკუმას მიუახლოვდნენ, საშინლად იქუხა და ლუსკუმიდან ნაპერწკლები გამოიფრქვა. შეშინებული ქურდები მიწაზე დაემხნენ.

ერთი მათგანი მაშინვე დაყრუვდა, მეორე კი გაგიჟდა. როცა დაყრუებული გონს მოვიდა, მიხვდა, ღვთის სასჯელი ეწიათ. ხელი არაფრისთვის უხლია, თავის შეშლილ მეგობართან ერთად იქაურობას გაეცალა. მან ცოდვა მოძღვრის წინაშე აღიარა და გულწრფელი სინანულით აღვსილმა წმინდა ბარბარეს შენდობა სთხოვა.


*  *  *

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II ეპისკოპოსობის ჟამს წმინდა ბარბარეს ეკლესიაში მსახურობდა. უწმინდესი იგონებდა: “მთავრობის შიშით ეკლესიაში ხალხი კანტიკუნტად დადიოდა. მზის ჩასვლის ჟამი იყო. ტაძარში ვიჯექი და ვფიქრობდი. ამ დროს შემოვიდა ერთი ქალი, პატარა გოგონა ახლდა. ბავშვი მიიყვანა წმინდა ბარბარეს ხატთან, შემდეგ ჰკრა ხელი ბავშვს, მიახეთქა ხატს და უთხრა:

– აჰა, მოგიყვანე, თუ შეგიძლია, მოარჩინე, შენც ხომ ქალი ხარ და დამეხმარე, თუ არ შეგიძლია მორჩენა, მოკალი და წაიყვანე. მე ამის საცოდაობის ყურება აღარ შემიძლიაო. გოგონა ატირდა. შემეცოდა ბავშვი. თუ არა სწამს, მაშინ რატომ ეპყრობა უდიერად ან ბავშვს, ან ხატს-მეთქი. მივედი მასთან და ვკითხე, ასე რატომ მოიქეცით-მეთქი. ქალმა მიპასუხა, ჩემი შვილი თვალის ავადმყოფობით დაავადდა. ექიმებმა ვერ უშველეს.

ახლა მოვიყვანე აქ და თუ ძალა აქვს ღმერთს, მომირჩინოს შვილი და მისი მოსამსახურე ვიქნებიო. შემოვაბრუნე ბავშვი და შემზარა – თვალები არც კი ეტყობოდა, საშინლად ჩაშავებოდა. მოვეფერე, დავამშვიდე, მერე ვულოცე წმინდა ბარბარეს პარაკლისი, წყალი ვაკურთხე, იმ წყლით წმინდა ბარბარეს ხატი გავბანე, ამავე წყლით ბავშვს თვალები მოვბანე, დანარჩენი კი შინ გავატანე და ქალს ვურჩიე, რომ ყოველ დილით მოებანა ბავშვისთვის თვალები. გავიდა ცოტა ხანი.

ერთხელ სახლისაკენ მიმავალს ვიღაცამ მომკიდა ანაფორის კალთაზე ხელი და ნაზად მომქაჩა. მივიხედე. ჩემ წინ პატარა ლამაზი გოგონა იდგა. ბავშვს მოვეფერე და ვკითხე, რა გინდა-მეთქი. დედიკომ მთხოვა, დაეწიეო, – მიპასუხა. მოვიხედე და დავინახე ქალი. მითხრა, ვერ იცანით ეს ბავშვიო? ეს ის თვალებმტკივანი გოგონაა, თქვენ რომ თვალები მობანეთ ნაკურთხი წყლითო. ბავშვს თვალები მორჩენოდა და კვალიც არ ეტყობოდა ავადმყოფობისა. ამის შემდეგ დედამისი წმინდა ბარბარეს ეკლესიის მრევლი გახდა, ეხმარებოდა ეკლესიას ნივთიერად და სიკვდილამდე არ უღალატია ღვთისთვის.

 

 

“ჭეშმარიტად, მოუსმინეთ ყველამ საქართველოს პატრიარქს და გაიგეთ

ამ იუმორის სიბრძნეც!..”

ჩვენი უწმინდესის აღსაყდრებიდან 33 წელი გავიდა

“საოცრებამდე უსასრულოა განგება ღვთისა. არც მის მოწყალებას აქვს საზღვარი. ჭეშმარიტად, ამ განგებამ და მოწყალებამ დააყენა თქვენს წინაშე ჩემი სიმდაბლე, როგორც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მამამთავრისა. მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი და, ამავე დროს, საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს, ღვთის ამ წმინდა ტაძრის თაღებქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა. იოლი არ არის ღვთისა და ერის წინაშე ვალის მოხდა, მაგრამ განა შეიძლება რაიმე ტვირთის სიმძიმეზე ფიქრი, როდესაც ვიცით, რომ ეს ტვირთი ღვთისგან მივიღეთ”…

1977 წლის 25 დეკემბერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საქართველოს ეკლესიის ახალამორჩეული საჭეთმპყრობლის ილია II-ის სიტყვები ნუგეშად და იმედის სხივად მოევლინა ქართველობას. ღვთივკურთხეული ივერიის სულიერება იმ უმძიმეს პერიოდში სუდარაგადაფარებულ მიცვალებულს ჰგავდა. მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ ტაძრებში აღევლინებოდა წირვა-ლოცვა და ღვთისმსახურება. ქართველ ერს სჭირდებოდა სულიერი ორიენტირი და ნათლის სვეტი, რომელიც ბნელეთიდან თავს დააღწევინებდა. ახალმა პატრიარქმა შეძლო თითქმის შეუძლებელი – ძალად თავს მოხვეული კერპების მოთაყვანე სამწყსო უფლის მადლით ტაძრის ბილიკზე გაიყვანა!..

33 წელი გავიდა ჩვენი უწმინდესი პატრიარქის აღსაყდრებიდან. ამ ხნის განმავლობაში, არაერთი განსაცდელის მიუხედავად, ქართველ ერს წამით არ დაუკარგავს იმის განცდა, რომ ქვეყანას ჰყავდა ჭეშმარიტად მოამაგე, პატრონი, რომელსაც საკუთარ ჯვართან ერთად დამაშვრალ ქედზე ნატვირთი ჰქონდა სამშობლოს სვე-ბედზე ზრუნვა. ღვთივსათნო ცხოვრებითა და უდიდესი სიყვარულის მადლით პატრიარქმა, ერის სულიერმა მამამ, საკუთარ ფრთებქვეშ შემოიკრიბა უძღები შვილების გზააბნეული სულები და უფალს მიუყვანა. აკი, ამიტომაც მოეფინა სრულიად საქართველოს ეკლესია-მონასტრები და მისივე ძალისხმევით ქართველმა ერმა შექმნა თავისი სულის ავტოპორტრეტი – სამების საკათედრო ტაძარი…

ბევრმა არ იცის, რომ მისი სათნო ღიმილის მიღმა უძირო დარდი და ცრემლი იღვენთება მამულის მომავალზე ფიქრში. ბევრმა არ იცის, რამდენ ტკივილს და სიმწარეს მალავს მისი გული, როგორ განიცდის ჩვენს უკუღმართობას და უღმერთობას, მაგრამ უდიდესი სულგრძელობის მეოხებით არც ერთი ჩვენგანი არ ემეტება დასაღუპავად და დღენიადაგ ლოცულობს ჩვენი სულების გადასარჩენად. რით ვპასუხობთ მის ზრუნვას და ლოცვას? გულში ჩავიხედოთ და გამოვტყდეთ:

როცა ძალიან გაგვიჭირდება, მხოლოდ მაშინ გვახსენდება მისი ნუგეში და ლოცვის მადლი, მხოლოდ მაშინ მივდივართ მასთან ვედრება-მუდარით. არადა, ჩვენი პატრიარქი ყოველდღე გვევედრება: – დიდგორის ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა, ჩვენი საომარი დღეს ჩვენს ფესვებსა და სულიერებაზე ზრუნვაა და არანაკლები გმირობა სჭირდება ამ ბრძოლის მოგებას, მოდით და ერთად გადავარჩინოთ სამშობლოო…

სულიერებისგან დაცლილი მსოფლიო, ვისაც კი თუნდაც ერთხელ უხილავს ან უგრძნია  ჩვენი პატრიარქის საოცარი მადლმოსილება, შეძრულია, – ბედნიერები ხართ, რომ ასეთი სულიერი წინამძღოლი გყავთო… ამ ცოტა ხნის წინ, სვეტიცხოვლობაზე ჩამოსული სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ: – უწმინდესი ილიას სახით ჩვენ ძველი დროის ბერი ვიხილეთ და ქართველებმა კიდევ არ უწყით, რა არამიწიერი წყალობა მოუმადლებია თქვენთვის უფალს, როცა ასეთი მწყემსმთავარი მოგივლინათო!..

ქართველებმა კიდევ არ უწყითო… ამ სიტყვებმა მაინც მოგვცეს იმის ძალა, რომ ჩვენს პატრიარქს ოდნავ მაინც შევეხიდოთ უმძიმესი ჯვრის ზიდვაში!..
ის ერთადერთი გახლდათ, რომელიც 2008 წლის სისხლიანი აგვისტოს დღეებში შევიდა მტრის მიერ ოკუპირებულ ძირძველ ქართულ მიწაზე და მამულს გმირულად თავშეწირული ქართველი ბიჭების ცხედრები გააპატიოსნა. ჩვენი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან  ქედმაღლურად მოლაპარაკე რუსთა გენერალი ბორისოვი ქართველების სულიერ მამას თავდახრილი, მოწიწებით დასდევდა და მორჩილად აღასრულებდა მის ყველა სიტყვას…

ბევრ ჩვენგანს ახსოვს კადრები, თუ როგორ იგლოვა მდუღარე ცრემლით ჩვენმა პატრიარქმა სოხუმის დაცემა და აფხაზეთის ტრაგედია. არავის უნახავს, მაგრამ რუსთავ-მარნეულის მთავარეპისკოპოსის, მეუფე იოანეს მონათხრობიდან ვიცი, როგორი ტკივილითა და ცრემლით გადაიტანა 9 აპრილის უბედურება ერის სულიერმა მამამ…

აი, აქ არის მისი ჭირისუფლობა და სიყვარული ერისა და სამშობლოსადმი. ამ ტკივილითა და დარდით ლოცულობს დღენიადაგ ჩვენი პატრიარქი და ამ ლოცვით უდგას სული დღემდე საქართველოს!..

ერთ-ერთი ქადაგებისას პედაგოგებს სთხოვა, – ბავშვებს მოეფერეთ და ორიანი არ დაუწეროთო(!)… სითბო და სიყვარული ასწავლეთ უპირველესადო… განა არ ჩანს ამ სიტყვებში მისი ზრუნვა და ფიქრი საქართველოს მომავალზე?.. იცით, რამდენი მასწავლებელი და მოსწავლე მოვიდა ამ ქადაგების მერე, ქართული სულისთვის ასე უცხო უნარ-ჩვევებისა და ლოტოტრონების ცოდვიანი ორომტრიალიდან ეკლესიის წიაღში?..

განა ჩვენი პატრიარქი არ იყო პირველი ზართა დამრისხებელი, ჩვენი კატასტროფული დემოგრაფიით შეძრულმა რომ გამოაღვიძა მიძინებული ერი? განა მისმა მასობრივმა ნათლობამ არ მოჰგვარა ოდნავი შვება ერის მომავალს?..
განა პატრიარქი არ ზრუნავს ქართულ სოფელზე, მეცნიერებაზე, კულტურაზე, ტრადიციებზე, ჩვენს უმდიდრეს ისტორიაზე?.. გადაავლეთ თვალი მის ეპისტოლეებს და  ქადაგებებს, მის ბრძნულ შეგონებებს და იოლად დარწმუნდებით ამაში…

მაინც ებრძვიან, ფარული მზაკვრობით, ცხადი ღვარძლითა თუ ბოღმით, მიზანმიმართული დაჟინებითა და სიძულვილით. ვერ აუტანიათ მისი შეუვალი ავტორიტეტი და ის სიყვარული, რომელსაც ერი ავლენს პატრიარქის მიმართ…

“ღვთივკურთხეულნო ივერიელნო და ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა! თავს ვიხრი საქართველოს ეკლესიისა და მისი მრევლის –  ქართველი ერის წინაშე, რომელსაც სასოებით უნდა ემსახუროს ჩემი ძალი და გონება. უნდა ემსახუროს იმ სარწმუნოებით, რომლის დაცვისა და შენარჩუნებისთვის, დაწყებული მცხეთაში მაცხოვრის კვართის მოტანიდან, ზღვა სისხლი გაიღო რიცხვით მცირე ჩვენმა ერმა. ქართველი ერი და ქართული ეკლესია მუდამ ერთად იყვნენ ჩვენი სამშობლოს ყველა ძნელბედობის ჟამს…

შრომასა და ბრძოლაში გამობრძმედილო, ქრისტეს სჯულის ერთგულო, ძვირფასო სამწყსოვ! შევთხოვოთ ღმერთს, რომ წარგვიძღვეს წინ!” – 33 წლის წინ, სვეტიცხოველში ნათქვამი ჩვენი პატრიარქის ეს სიტყვები გავიაზროთ, როგორც უფლის წყალობა, ჩვენდა სანუგეშოდ აღვლენილი. აქ არის ჩაქსოვილი გადარჩენა და გაბრწყინება ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიისა!

P.S. 25 დეკემბერი ჩვენი უწმინდესი პატრიარქის აღსაყდრების დღე-სასწაულია(!). ამ პატარა წერილით შევეცადეთ, ის დიდი სიყვარული მცირედ მაინც გამოგვეხატა საქართველოს სულიერი მამისადმი, რაც ყველა შეგნებულ ქართველს გულში სანთლად უნთია. მას ეს არასოდეს მოუთხოვია ჩვენგან. ისედაც ხომ ვიცით ქართული სიბრძნე – შვილმა ერბო-კვერცხი რომ ხელისგულზე მოიწვას, მშობლის ამაგს ვერასოდეს გადაიხდის. ის არაფერს ითხოვს, მხოლოდ შესთხოვს უფალს, რომ გონება გაგვინათოს ქართველებს, დედაეკლესიას რომ მივეახლოთ ჭეშმარიტი სიყვარულით და “საქართველო გაბრწყინდება” მარტო სადღეგრძელოებში კი არ გვიტრიალებდეს ენის წვერზე, არამედ ერის სულიერ წინამძღოლს გავყვეთ ბოლომდე. ეს არის დღეს მისი სავედრებელი და სათხოვარი.

P.P.S. უსაზღვრო ტკივილებთან ერთად ჩვენი პატრიარქი უფაქიზესი იუმორითაც გამოირჩევა, რომელშიც საოცარი სიბრძნე იმალება და ამასთან ღიმილით გადმოცემული ნუგეში იმედიანი მომავლისა. დღეს, ამ ტოტალური თვალთვალისა და მიყურადების ეპოქაში, ნემსი ვეღარ იმალება ყუნწში თვალის გაუყრელად და საოცრად ლამაზი იუმორით შეაზავა ქართველობამ უწმინდესთან დაკავშირებული ერთი ღიმილიანი ამბავი:

უახლოეს გარემოცვას პატრიარქისთვის ტელეფონი მიუტანია და უთქვამს, – უწმინდესო, ეს აპარატი არ ისმინება და შეგიძლიათ თავისუფლად ისარგებლოთო… მას კი სათნო ღიმილით განათებია სახე: – წაიღეთ, შვილო, უკან, მთელი სიცოცხლე იმას ვლოცულობ, რომ ვინმემ მომისმინოს და ეს აპარატი არ გამომადგებაო(!)… ჭეშმარიტად, მოუსმინეთ ყველამ საქართველოს პატრიარქს და გაიგეთ ამ იუმორის სიბრძნეც!..

3 Responses to რელიგია… უფალო შეგვიწყალე!

  1. tamu says:

    scored rcmenam da amdenma sicmindeebma gadaarchina saqartvelo

  2. tamu says:

    ise lamazad da saturad sheexet religias ,romelic kartvelebistvis mtavaria,ajarashi dairca pirvelad kristinoba andria da svimon kananeli shemosvlit,kananeli xo saqartveloshia dasaflavebuli,cm.nino saqartveloshi,cm,matatA…GVTISMSHOBLIAS CILXVEDRI KVEKANA VART DA CM.GIORGIS MFARVELO GVCKALOBS MUDAM,CM,MAMA GABRIELI SASCAULMOKMEDI DA RAMDENI CMINDANEBIS MADLI DA RAMDENI EKLESIA ARIS SAQARTVELOSHI DA MIS GARETAC

  3. mari says:

    qartvelebi amakebi vart,scored rcmena da rcmenis grma codva gvchirdeba

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s